ახალი ამბები

საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

22 თებერვალი, 2020 • 1832
საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ქუთაისის საქალაქო  სასამართლომ 22 თებერვალს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პოლიციამ არასრულწლოვანი 21 თებერვალს დააკავა. შსს  ცნობით,  ბრალდებული არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას – 1969 წელს დაბადებულს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით,მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა”, – აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალი 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი