ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის გზა ადამიანების ტვინებში უნდა მომწიფდეს – ფაშინიანი

21 თებერვალი, 2020 • 2954
ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის გზა ადამიანების ტვინებში უნდა მომწიფდეს – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გარდამტეხი უწოდა მიუნჰენში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართულ ბოლო შეხვედრა-დისკუსიას.

“ვფიქრობ, ამ შეხვედრას გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა რამდენიმე მიზეზით. 2018 წლის მაისის შემდეგ აზერბაიჯანი ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სომხეთს დესტრუქციული პოზიცია აქვს ყარაბაღის დარეგულირების პროცესში. ამ დისკუსიამ ძალიან მკაფიოდ აჩვენა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ სომხეთს კონსტრუქციული პოზიცია აქვს, იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანს გააჩნია თითქმის რასიზმამდე მისული დესტრუქციული პოზიცია.

მეორე, ეს დისკუსია გახდა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირების რეალიზაცია, რომ სომეხი ხალხისგან არაფერი მექნება დასამალი ყარაბაღის საკითხზე. დამთავრდა ის დრო, როდესაც ყარაბაღის საკითხის ნიუანსებს მხოლოდ ექსპერტთა ვიწრო წრე იცნობდა.

ვფიქრობ, ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ახალ მოლაპარაკებათა არსის ფორმირება. ჩვენ ეს დავიწყეთ და მას პირობითად “მიუნჰენის პრინციპები” დავარქვი. საქმე ის არის, რომ თითოეულმა მხარემ უნდა განაცხადოს, ეს საკითხი ასე და ასე გადაწყდეს, ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთმანეთთან, როგორი ფორმატი დაგვეხმარება ამაში.

ფაშინიანის განცხადებით, “მოლაპარაკებათა პროცესში საჭიროა მიკრორევოლუცია, შემდეგ- მინირევოლუცია, უკვე შემდეგ კი- გარღვევა”.

“პრინციპი, მოდით, შევიკრიბოთ და სწრაფად გადავჭრათ საკითხი, არარეალურია. ეს გენეტიკურ დონეზე უნდა განვითარდეს, მომწიფდეს ადამიანის ტვინებში. შესაბამისად, საყოველთაო გადაწყვეტილების გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება”.

მიუნხენში ფაშინიანის და ალიევის დისკუსია გაიმართა ყარაბაღის საკითხზე

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი