ახალი ამბები

კიბერთავდასხმა: სერგი კაპანაძე ხელისუფლების მიერ ინტერნეტ კონტროლის საფრთხეზე საუბრობს

20 თებერვალი, 2020 • 1672
კიბერთავდასხმა: სერგი კაპანაძე ხელისუფლების მიერ ინტერნეტ კონტროლის საფრთხეზე საუბრობს

რუსეთის მხრიდან საქართველოზე კიბერთავდასხმის თემას გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე და ხაზი გაუსვა საფრთხეს ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

“გასაკვირი არ არის, რომ ეს კიბერშტევა მოდიოდა რუსეთიდან და მათი კიბერსამსახურიდან. ეს საქართველოსთვის სიახლე არ არის. ჯერ კიდევ 2008 წლის ომის დროს განხორციელდა მსგავსი რამ და იმის მერე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე. ამიტომ რაიმე სიახლე აქ არ არის. საინტერესო ის არის, საქართველო რას აკეთებდა ბოლო წლებში, რომ ამის პრევენცია მოეხდინა და სხვა მსგავს შემთხვევებზე როგორი რეაგირება მოახდინა.

და მეორე საყურადღები რამ – ყველა ჩვენგანისთვის ასევე იქნება, ახლა ხომ არ გამოიყენებს ამ შეტევას [ხელისუფლება] იმის საბაბად, რომ თვითონ უფრო მეტი კონტროლი აიღოს მთავრობამ და უშიშროების სამსახურებმა ინტერნეტის კონტროლის კუთხით და მერე ეს გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის”, – განაცხადა კაპანაძემ 20 თებერვალს ტვ “პირველთან” საუბრისას.


20 თებერვალს საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა 2019 წლის შემოდგომაზე ათასობით ქართულ საიტზე კიბერთავდასხმაში.  20 თებერვალს, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის კვალდაკვალ, არაერთმა სახელმწიფომ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ფედერაცია და მისი სამხედრო დაზვერვა (გრუ) საქართველოში განხორიელებული კიბერშეტევის გამო. რუსეთმა ბრალდება უარყო.

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა კიბერთავდასხმა შეაფასეს, როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი