ახალი ამბები

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა

19 თებერვალი, 2020 • 1070
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა

CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით, Covid-19-ით გარდაცვალების რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა, ხოლო ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დაახლოებით 75 ათასია. ინფიცირების 1 000-ზე მეტი შემთხვევა ჩინეთის გარეთ არის დაფიქსირებული.

კორონავირუსები მოიცავს ვირუსთა დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად იწვევენ რესპირაციულ დაავადებებს. ზოგიერთი კორონავირუსი ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ზოგი კი – არა.

დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. ამასთან ერთად, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, კორონავირუსების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გამოწვეულ იქნა ისეთი დაავადებები, როგორიცაა მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS). საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოში ჯერ კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

Covid-19-ით ინფიცირებისას გართულებების რისკის ქვეშ ყველაზე მეტად არიან ხანდაზმული და ასევე, სხვადასხვა მძიმე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.

მასალების გადაბეჭდვის წესი