ახალი ამბები

სირიელი მამა შვილს დაბომბვისას შიშის დასამარცხებლად სიცილით ეთამაშება [ვიდეო]

18 თებერვალი, 2020 • 6057
სირიელი მამა შვილს დაბომბვისას შიშის დასამარცხებლად სიცილით ეთამაშება [ვიდეო]

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, სადაც ამჟამად აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ტრავმატული გამოცდილების თავიდან აცილების მიზნით აბდულა ალ-მუჰამედმა “თამაში” გამოიგონა, რითიც ცდილობს თავისი სამი წლის შვილი სალვა ჭურვებისა და სროლის ხმის დროს გააცინოს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.

ვიდეო აბდულა ალ-მუჰამედმა სოციალურ ქსელებში თვითონ გამოაქვეყნა.

აბდულა ალ-მუჰამედის თქმით, შვილს დაბომბვის დროს სიცილი სპეციალურად ასწავლა, რათა თავიდან აეცილებინა ფსიქოლოგიური კრიზისი, რომელიც სხვა ბავშვების შემთხვევაში ჰქონდა ნანახი. ამიტომ, ჭურვისა თუ სროლის ხმის დროს, აბდულა ალ-მუჰამედი იცინის და ისე იქცევა, თითქოს ხმაურის მიზეზი ფოიერვერკი ან სათამაშო იარაღია.

„ის ბავშვია, რომელსაც არ ესმის, ომი რა არის. გადავწყვიტე, რომ მესწავლებინა სალვასთვის ეს თამაში, რათა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის კოლაპსი არ დავუშვა”.

ალ-მოჰამედმა და მისმა ოჯახმა თავიანთი მშობლიური ქალაქი იდლიბის პროვინციაში იქ მიმდინარე ომის გამო დატოვეს.


2011 წელს, სირიის სამოქალაქო ომის დაწყებიდანვე მალე, იდლიბის პროვინცია და იქ მდებარე სტრატეგიული ობიექტები ბაშარ ასადის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა და მას შემდეგ მასზე კონტროლის მოსაპოვებლად სამთავრობო და ოპოზიციური ძალები მუდმივად იბრძვიან.

თურქეთმა და ასადის რეჟიმის მოკავშირე რუსეთმა 2017 წელს დადეს შეთანხმება, რომელიც 1 წელიწადში უნდა ამოქმედებულიყო, მისი მიზანი კი იდლიბში სიტუაციის დეესკალაცია იყო. თუმცა შეთანხმება 2018 წლიდან არაერთხელ დაირღვა.

იდლიბის პროვინციას ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ძალები აკონტროლებენ, რომლებსაც, თავის მხრივ, თურქეთი უჭერს მხარს, ასადის რეჟიმს კი – რუსეთი. ბოლო პერიოდში სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსეთის დახმარებით არაერთი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს, მათ შორის, იდლიბის პროვინციაზე.

თურქული მხარის თქმით, მათი ძალები რეგიონში კონფლიქტების პრევენციისთვისაა. სირიის სამთავრობო ძალების საარტილერიო შეტევის შედეგად 4 თურქი სამხედრო დაიღუპა, 9 კი დაიჭრა.

როგორც ანკარა იუწყება, თავისი ძალების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია რუსეთისა და ასადის ერთგული ძალებისთვის მიწოდებული ჰქონდა, თუმცა თავს მაინც დაესხნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ყველაფერი ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია – უწყების თქმით, თურქული კონტინგენტი ღამით ადგილმდებარეობას იცვლიდა ისე, რომ ამის შესახებ რუსეთი არ გააფრთხილა, ხოლო სირიული სამთავრობო ძალების იერიშის სამიზნე ტერორისტული დაჯგუფები იყო.

თურქეთმა რუსეთი შეთანხმებების დარღვევაშიც დაადანაშაულა:

„სამწუხაროდ, რუსეთი არ იცავს არც ასტანის და არც სოჭის შეთანხმებას. ამ მომენტამდე ვიცდიდით, მაგრამ დღეიდან ვაპირებთ, თავად ვიმოქმედოთ. ეს მუქარაა არაა, ესაა მოლოდინი, რომ რუსეთი [სირიულ] რეჟიმს აუცილებელ გაფრთხილებას მისცემს“, – განაცხადა ერდოღანმა. რუსეთმა ერდოღანის განცხადება უარყო და განაცხადა, რომ შეთანხმებას იცავდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საპასუხო იერიშის ფარგლებში შეტევა განხორციელდა 46 სარეჟიმო სირიულ ობიექტზე. მისივე თქმით, „განეიტრალებულია“ ასადის  მომხრე 30-35 ჯარისკაცი.

„ის, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს განზრახვებს, მალე გაიგებს, რომ შეცდომა დაუშვა“, – განაცხადა ერდოღანმა. მან აგრეთვე გააფრთხილა რუსეთი, არ ჩაერიოს თურქეთის საპასუხო რეაქციაში – „არ დადგეთ ჩვენს გზაზე“, – განაცხადა ერდოღანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი