აქციის მონაწილის, ნათია ფანჯიკიძის თქმით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ამხელა მასშტაბის პროექტის განხორციელება არ არის სწორი. მისი თწმით, პანორამა თბილისის მსგავსი პროექტის განხორციელება კვალიფიციური სპეციალისტების ჩარევის შემდეგ სხვა ადგილას შესაძლებელია.
“ჯერ ეგ ერთი, არის ძალიან დიდი, მერე ის, რომ ამ უბანს არ სჭირდება ზედმეტი დატვირთვა. სტატუსიც დავწერე ფეისბუკზე: 90-იან წლებში თანამედროვე ერთადერთი შენობა შენდებოდა “შერატონ მეტეხი პალასი” და ავსტრიელებმა როგორ იმუშავეს ჩვენი ქალაქის სასარგებლოდ. ის არც ლანდშაფტიდან არის ამომხტარი, არც არაფერს აზიანებს – ეს არის სიყვარული და გათვალისწინება ყველაფრის. ასეთი სარისკო პროექტი, რომელიც საეჭვოა, რომ კარგად ჩაჯდება ამ ყველაფწრში, ამის გამოსწორება მერე შეუძლებელია. როდესაც ქალაქს მოუსპეს კორტები და ამოდენა იუსტიციის სახლი წამოიჭიმა, ამის დანგრევა ახლა ხომ შეუძლებელია. ეს აღარ სწორდება. მაგრამ რა შედარებაა იმ ადგილსა და ამ ადგილს შორის, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ? ასევე, ვთქვათ, “შანგრილა” ასევე არის პატარა შენობა. ამოდენა კომპლექსი და ასეთი სიძვირფასის – ეს არ გასწორდება. ეს არ არის ის, რომ ტანსაცმელს რაღაც დეტალი მიამაგრო და თუ არ მოუხდა, მოაძრო. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, რომ ბევრად უფრო კვალიფიციური სპეციალისტები ჩარეულიყვნენ ამაში და ბოლო-ბოლო ბევრად უფრო უკონფლიქტოდ გაკეთებულიყო ცოტა სხვა უბანში,” – ამბობს ფანჯიკიძე.
ფანჯიკიძის თქმით, ალბათ არასდროს არავინ მოელის რაღაც განსაკუთრებულ პროტესტს, რომელიც ქალაქის განზრახვას შეაჩერებს:
“ყველა მიჩვეულია თვითნებურ ჩარევას ქალაქში. აქ უბრალოდ ლაპარაკია ქალაქის ისტორიაზე იმიტომ, რომ სულ რაღაც სამი უბანი გვაქვს, რომელიც ასახავს ამ ქალაქის სიძველეს და განსაკუთრებულ მშვენიერებას და აქ არის სწორედ სიფრთხილე დასაცავი, თორემ მე არანაირი მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით. მაგრამ გასაშენებლის მეტი რა არის?”
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნიკა დავითაშვილი ამბობს, რომ ძირითადი პრობლემები მიჩუმათებულია. მისი თქმით, ქალაქის ხელისუფლება საზოგადოების ჩართულობის გარეშე გასცემს ნებართვებს და იღებს გადაწყვეტილებებს: “მე არ ვარ გეოლოგი ან ურბანისტი, მაგრამ ამ დისციპლინების პროფესიონალებთან ღირს იმავე შეკითხვის დასმა.”
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ პროექტ „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით მშენებლობის სამი ნებართვა გასცა.
თავდაპირველი პროექტის მიხედვით, “პანორამა თბილისი” მიზნად ისახავდა თავისუფლების მოედანზე ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით სოლოლაკის ფერდობზე სასტუმროების აშენებას, რომლებიც ერთმანეთს საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ საბაგიროების საშუალებით ერთმანეთს მხოლოდ თავისუფლების მოედანსა და სოლოლაკში მდებარე სასტუმროები დაუკავშირდებიან.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდი ლარია. თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, პროექტი “პანორამა თბილისი”, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თბილისში სასტუმროების ქსელის აშენების შემდეგ საერთაშორისო კონფერენციების მოწყობისთვის ხელის შეწყობასა და ტურისტების მოზიდვას.
პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოქალაქეთა ჯგუფები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეჭვქვეშ აყენებს.