ახალი ამბები

ირაკლი შოთაძე ისევ გენერალური პროკურორია

18 თებერვალი, 2020 • 2085
ირაკლი შოთაძე ისევ გენერალური პროკურორია

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით 0-ის წინააღმდეგ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა.

პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას განხილვისა და მოსმენის გარეშე უყარეს კენჭი. ამ გადაწყვეტილების საფუძველი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის მიმართვა გახდა. ოხანაშვილის თქმით, გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შოთაძეს 7 საათის განმავლობაში უსმენდნენ და ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა ამ უკანასკნელისთვის კითხვის დასმის საშუალება.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტმა ფარული კენჭისყრით, 6 წლის ვადით დაამტკიცა.

ოპოზიცია კენჭისყრას არ დასწრებია.


გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. ამის შემდეგ ის ჯერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნეს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე გახდა.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა. ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა.

შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

საპროკურორო საბჭოს 16 იანვრის განცხადების თანახმად, შოთაძის კანდიდატურა მათ წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი