ახალი ამბები

დონბასში საბრძოლო მოქმედებები განახლდა – BBC

18 თებერვალი, 2020 • 1204
დონბასში საბრძოლო მოქმედებები განახლდა – BBC

უკრაინის სამხედრო ძალების განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთით – დონბასის რეგიონში, სადაც პრორუსულად განწყობილი და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები რეგიონის გარკვეულ ნაწილს იკავებენ, მათ სამხედროებზე შეტევა განხორციელდა. ერთი სამხედრო გარდაიცვალა, ოთხი კი დაიჭრა.

BBC-ის ცნობით, დაპირისპირება ლუგანსკის სოფელ ზოლოტოეში დაიწყო.

ამავე დროს, სეპარატისტები აცხადებენ, რომ [უკრაინელმა] სამხედროებმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს და დანაღმულ ველს წააწყდნენ. სეპარატისტების განცხადებით, ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.

კონფლიქტის ახალი ფაზა არღვევს მხარეებს შორის დადებულ მინსკის შეთანხმებას და ხელს უშლის კონფლიქტის მოგვარების სხვა მცდელობებს.

მომხდართან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

კონფლიქტი უკრაინის ხელისუფლებასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა ევრომაიდანის შემდეგ ხელისუფლებას ჩამოაშორეს ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა გადაიფიქრა.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი