ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში სარეფერენდუმო კამპანია დაიწყო – ცვლილებები სასამართლოს ეხება

18 თებერვალი, 2020 • 2012
სომხეთში სარეფერენდუმო კამპანია დაიწყო – ცვლილებები სასამართლოს ეხება

ორშაბათს, 17 თებერვალს, სომხეთში ოფიციალურად დაიწყო სარეფერენდუმო კამპანია კონსტიტუციური ცვლილებებისთვის. ამ პროცესის ინიციატორია პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მისი პოლიტიკური ოპონენტები კი ცვლილებებს აპროტესტებენ.

რეფერენდუმი 5 აპრილსაა ჩანიშნული.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური განმარტავს, საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან შვიდის გათავისუფლებას, რომლებსაც ფაშინიანი უკავშირებს ქვეყნის წინა „კორუფციულ რეჟიმს“.

სომხეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე გატანის გადაწყვეტილება 6 თებერვალს მიიღო. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მრავალთვიანი დაპირისპირება ოპონენტებთან, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჰრაირ თოვმასიანთან.

ფაშინიანის  ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო. ოპოზიციონერების უმრავლესობა არ ემხრობა ცვლილებებს.

მმართველი ბლოკის მიერ მომზადებულ ცვლილებების ბედს რეფერენდუმზე მისული ამომრჩევლის უმრავლესობა გადაწვეტს. თუმცა რეფერენდუმი ჩაშლილად გამოცხადდება, თუკი 2.57 მილიონი ამომრჩევლის 25% მაინც არ გამოცხადდება ხმის მისაცემად.

როგორც „თავისუფლება“ წერს, ერთ-ერთი პარლამენტარი, ალენ სიმონიანი, აცხადებს, რომ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცლილებების მიზანი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებაა. ის აცხადებს, რომ მმართველ გუნდს სურს თოვმასიანის გადაყენება, იმის მიუხედავად, რომ  „მუდმივად მზად იყო ხელისუფლების მსახურებისთვის“.

„ჩვენ გვინდა ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელმაც შეიძლება რაღაცაზე უარი გვათქმევინოს, მაგრამ დამოუკიდებელი იქნება“, – ამბობს ის.

თუმცა ოპოზიციონერები ამ პროცესს სხვაგვარად განიხილავენ. მათი აზრით, ფაშინიანის გუნდი შეეცდება, საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი ფიგურები დანიშნოს და, შესაბამისად, მასზე კონტროლი მოიპოვოს.

ყოფილი მმართველი პარტია,  „რესპუბლიკური პარტია“  რეფერენდუმს არაკონსტიტუციურს უწოდებს და აცხადებს, რომ ცვლილებები დაგეგმილია „ფაშინიანის დიქტატორული ამბიციების დასაკმაყოფილებლად“.

ამ თემაზე გირჩევთ:

სომხეთის სასამართლო – ყოფილი პრეზიდენტების ბასტილია?

მასალების გადაბეჭდვის წესი