საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით საქართველოს ძალისხმევა სრულად არის მიმართული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისკენ. ამის შესახებ ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონისადმი მიძღვნილ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველო ძალისხმევა სრულად არის მიმართული სტრატეგიულად მნიშნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისკენ და მოვუწოდებთ როგორც აშშ-ს, ისე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანის თქმით საქართველო აქტიურად არის ჩართული სატრანზიტო მარშუტების და დერეფნების განვითარების პროცესში და ისეთ პროექტებში როგორებიცაა შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფანი, “ლაპის ლაზული”, სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი და ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი.
დავით ზალკალიანმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ არსებულ რეგიონულ პროექტებში აქტიური ჩართულობით დაამტკიცა თავისი სანდოობა და ამის მაგალითად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი მოიყვანა. მისივე თქმით საქართველოს ძალისხმვა მიმართულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ენერგო-ტრანზიტული პროექტებისკენ, როგორებიცაა სამხრეთის გაზის დერეფანი (TANAP, TAP), თეთრი ნაკადი, ტრანს-კასპიური გაზსადენი, ევრაზიის ენერგოსატრანსპორტო დერეფანი და AGRI.
საკუთარი გამოსვლისას დავით ზალკალიანმა ასევე ახსენა რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, მინისტრის თქმით ამ პროცესებმა დრამატულად შეცვალა პოლიტიკური და უსაფრთხოების ბალანსი შავი ზღვის რეგიონში და გრძლევადიან პერსპექტივაში სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.