პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, თამარ ჩუგოშვილის აზრით, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული სისტემის ჩაგდება გადაწყვიტა, მათი გეგმით, 2020 წლის არჩევნებზე პოლარიზებული გარემო უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას, ჩუგოშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ასეთ რეაქციას არ ელოდა:
“მგონია, რომ როდესაც გადაწყვიტეს, რომ ქვეყანას პროპორციულ საარჩევნო სისტემა აღარ უნდა მიეღო, გათვლა იყო ასეთი, რომ არჩევნები პორალიზებული ყოფილიყო. ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას” გათვლა ჰქონდა, რომ “ოცნება”- სააკაშვილის წინააღმდეგ არჩევნების მოგების მარტივი გზა იქნებოდა. რადგან ბევრად უფრო რთულია ადამიანები დაარწმუნო, რატომ შექმნი უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, რატომ გააუმჯობესებ მათი ცხოვრების დონეს, ვიდრე თქვა, რომ მე უფრო ნაკლებად ცუდი ვარ, ვიდრე ის. ამ ტაქტიკით შევიდოდა [ქართული ოცნება] არჩევნებში. ამასთან, ამ სისტემის ჩაგდებას პოლიტიკური ველი ორად უნდა გაეხლიჩა, რაც პრინციპში მოახერხა კიდეც. მაგრამ გათვლა იმაზე, რომ გარედან იქნებოდა ისეთი რეაქციები და იმ მასშტაბის პრობლემები, რომელიც რეალურად მივიღეთ, ეს, მგონი, არ ყოფილა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა ტვ პირველის ეთერში.
თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა 14 ნოემბერს პროტესტის ნიშნად დატოვა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო მოდელის შემოღების შესახებ.