ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ივანიშვილის დამსახურებაა რუსეთთან სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება

16 ივლისი, 2015 • 1103
ღარიბაშვილი: ივანიშვილის დამსახურებაა რუსეთთან სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება

ღარიბაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ ცოტა მეტად პასუხისმგებელნი იყვნენ და მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ ე.წ. საოკუპაციო ზოლის საკითხს, რათა ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნოს: 

 

”რაც შეეხება ე.წ საოკუპაციო ზოლს და იქ მიმდებარე პროვოკაციულ მოქმედებებს, პირველ რიგში, მე მინდა შეფასება გავაკეთო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიტიკოსებს, რომ ცოტა მეტად პასუხისმგებელნი იყვნენ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს, ვინაიდან ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტაბულურობა შევინარჩუნით ქვეყანაში და არც ერთ ძალას, არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რაიმე პროვოკაციული გზით მოახდინონ სიტუაციის დაძაბვა რეგიონში.”

 

მისი თქმით, ეს ე.წ. საოკუპაციო ზოლთან პროვოკაციული ქმედებები არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც სააკაშვილი წლების განმავლობაში აწარმოებდა:

 

”ეს არის, კიდევ ერთხელ, შედეგი სწორედ იმ გაუაზრებელი პოლიტიკისა, რომელიც აწარმოა სააკაშვილმა წლების განმავლობაში, ეს არის შედეგი 2008 წლის ომისა, რომელმაც მოგვიტანა ათასობით, 25 ათასამდე ახალი დევნილი, 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი, დამატებით ტერიტორიები დაკარგული. ეს არის ის მძიმე შედეგი, მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ვიმკით და რომელსაც ჩვენ ვუმკლავდებით მესამე წელია.”

 

ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა რუსეთთან სწორი და კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება.

 

”სწორედ ჩვენი მთავრობის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება დავიწყეთ და ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ რეგიონში სიტუაციის დეესკალაციას, რითაც, რა თქმა უნდა, რეგიონის და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას შევუწყვეთ ხელი. თქვენ კარგად გახსოვთ, როგორ კონსტრუქციულად და სწორად მოვიქეცით მაშინ, როცა სოჭის ოლიმპიადა გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ჩვენ უსაფრთხოების საკითხებშიც ვიყავით ჩართულნი აქტიურად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკელებთან, ევროპელებთან ერთად, რუსებთან ერთად,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას აწამოებს:

 

”ასე რომ, მაქსიმალურად ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ვაწარმოებთ, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ არასოდეს არ შევეგუებუთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა, რომელიც არ შეიცვლება არასოდეს. ჩვენ არაფრის ფასად არ ვაპირებთ, რომ რაიმე კომპრომისზე წავიდეთ, მით უმეტეს, ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენს აფხაზეთს და ჩვენს სამაჩაბლოს. თუმცა აქ კიდევ ერთხელ მინდა რომ ხაზგასმით აღვნიშნო, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრულად სწორი და გააზრებული, ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგებლო, ემოციური, გაუაზრებელი ყვირილით და ხმაურით.”

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგება.

 

”ჩვენ ბოლო 3 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ მართლაც გვსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგება და ჩვენი პოლიტიკა სწორედ აქეთ არის მიმართული. ჩვენ სააშკარაოზე არ გამოგვაქვს მთელი რიგი ის დადებითი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით შერიგების მიმართულებით. ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას და მაქსიმალურად მშვიდად, მაგრამ პრინციპულად გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისი ბერკეტს,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი