ახალი ამბები

ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიში რუსეთზე და საქართველოს გამოწვევები

17 თებერვალი, 2020 • 4798
ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიში რუსეთზე და საქართველოს გამოწვევები

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებიცაა განხილული. მათ შორის საუაბრია 2020 წლის არჩევნებზე.

ესტონეთის საგარეო დაზვერვა შემაჯაბელ ანგარიშს ყოველ წელს აქვეყნებს. ანგარიშში ყურადღება ეთმობა სხვადასხვა საგარეო გამოწვევებს – რუსეთის მხრიდან წამოსულ საფრთხეებს, რუსულ პროპაგანდას, კრემლის სამხედრო მოქმედებებს, აგრეთვე, რუსეთის საგარეო პოლიტიკას სხვადასხვა რეგიონში და ამ ყველაფერთან ერთად რუსეთის შიდა პოლიტიკსაც. ამ წლის ანგარიშში მოხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც და მისი ტექნოლოგიების ფარული საფრთხე.

ესტონეთის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ რუსეთი შეეცდება, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს:

რუსეთი ჩაერია დასავლეთის არჩევნებში 2019 წელს და დიდი ალბათობით იმავეს გააკეთებს 2020-შიც. ამ წელს, მაგალითად, რუსეთი, რა თქმა უნდა, ფოკუსირებული იქნება აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. უმთავრესი მიზანი არის, უზრუნველყოფილ იქნას რუსეთისთვის სასარგებლო შედეგები რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ან დასავლეთში ყველაზე არაერთგვაროვანი გავლენის მქონე კანდიდატების მხარდაჭერით. უფრო მეტიც – რუსეთს სურს აჩვენოს, რომ დასავლეთს არ გამოსდის სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ეს კი არის შესაძლებლობა, ყურადღება გადაიტანონ რუსეთის პრობლემებისგან და გამოიყენონ უკვე გამოცდილი, დასავლეთის ორმაგი სტანდარტების რიტორიკა“, – წერია ანგარიშში.

ესტონეთის დაზვერვა აგრეთვე რუსი სამხედროების მიერ დე ფაქტო საზღვრის გადმოწევასაც ეხება:

„ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი (ABL), რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს დანარჩენი საქართველოსგან ყოფს, 2019 წელი დიდი ალბათობით გასული ათწლეულის ყველაზე დატვირთული იყო. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ABL-ის გადაწევის მცდელობები გაიზარდა, ხოლო ABL-თან მყოფი სეპარატისტული ძალები უფრო აგრესიულები და პროვოკაციულები არიან, ვიდრე ოდესმე, აღარ ერიდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულის მიმართ მუქარასაც. მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლების“ ავტონომია ილუზიაა – ეს მოსკოვიდან მართული მარიონეტული მთავრობაა“.

ესტონეთის დაზვერვაში ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის მიერ საქართველოში რბილი ძალის გამოყენებაზეც:

„ძალის გამოყენებასთან ერთად, სამხრეთ კავკასიაში გავლენის აგენტების გამოყენება რუსეთის ტრადიციულ არსენალშია. კლასიკური მაგალითია ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი, ალექსანდრე გორჩაკოვის საზოგადოებრივი დიპლომატიის ფონდის ადგილობრივი „ფილიალი“, რომელიც რუსული გავლენის ინსტრუმენტია. პრიმაკოვის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში ტარდება რუსული ენის კურსები, რუსული კულტურისა და ისტორიის გაკვეთილები, სემინარები და კონფერენციები. ერთი შეხედვით უწყინარი აქტივობების მიზანია, საქართველოს ახლანდელი და მომავალი ელიტა უფრო მიმღები გახდეს რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბიციებთან მიმართებაში. ამავე დროს, რუსეთი 2019 წლის დეკემბერში აპირებდა გაეხსნა კიდევ ერთი ცენტრი გავლენის აქტივობებისთვის  – „რუსკი მირის რუსული კულტრურული ცენტრი“. აგრეთვე დაარსდა „რუსკი მირის ფონდი“, რომელიც რუსული გავლენის აქტივობებისთვის მუშაობს“.

საგარეო დაზვერვის სამსახური ანგარიშში  შეეხო „ქართულ მარშსსაც“:

„ბოლო წლებში საქართველოში ე.წ ტრადიციული ღირებულებების გავრცელების პროპაგანდის დიდი ზრდა შეინიშნება. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ქართული მარში“, 2017 წელს შექმნილი ქოლგა- ორგანიზაცია ექსტრემისტული მოძრაობებისთვის. მისი მიზანია, შეეწინააღმდეგოს, მათი თქმით, ქართულ საზოგადოებაზე დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ ღირებულებებს, რომელიც, მათი თქმით, ქართველებისა და ქართული საზოგადოების არსებობას ემუექრება. ეს აგრესიული მოძრაობაა, რომელიც არ ერიდება ოპონენტებზე ფიზიკურ თავდასხმას. მისი მიზანია, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირსა და NATO-ში – დაახლოებით 15 წლის განმავლობაში არსებული საგარეო პოლიტიკური კონსენსუსის – გაწევრიანების საზოგადოებრივ მხარდაჭერას. „ქართული მარშის“ ლიდერთა შორისაა რამდენიმე პირი, რომელიც რუსეთთან და მისი გავლენის აქტივობებთან არის დაკავშირებული“, – წერია ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი