“საზღვრის გადაწევას ადგილი არ აქვს, ის თავის ადგილზე რჩება. ყველაფერი, რაც ამ დღეებში მოხდა, ჩემი აზრით, არის პირდაპირი პროვოკაცია, მიმართული იმ კურსის წინააღმდეგ, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განკარგულებით, ეს სასაზღვრო ნიშნები დაამონტაჟა რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა და ისინი ადგილზე იდგა მიმდინარე წლის 8 აპრილამდე. ყველა სასაზღვრო ნიშანი, რომლებიც ადგილზე 8 აპრილამდე იყო, აღადგინეს, მაგრამ ეს აბრები ისევ ჩამოხსნეს. ვინ ამოიღო ისინი, ეს ხალხი უნდა იპოვონ და დასაჯონ პროვოკაციისთვის. არავის არაფერი არსად არ გადაუწევია. შეიკრიბონ ქართული მხარე, სამხრეთ ოსეთისა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები და გაერკვნენ ამ საკითხში. ნახავთ, შედეგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც მე მოგახსენეთ”, – განაცხადა კარასინმა პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, თბილისში მოქმედებენ ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთის ფედერაციასთან.
“თბილისში მოქმედებენ ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, და ამ მიზნით ყველა შესაძლებლობას იყენებენ”.
ვითარების გასარკვევად, მისი თქმით, ოსეთის მხარემ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ქართველ კოლეგებს გაუგზავნა წინადადება, რომ ერგნეთში საგანგებო სხდომა გაიმართოს და განიხილონ ეს საკითხი.
“აი, სწორედ ასე უნდა მოქმედებდე, უნდა მოიქცე ცივილიზებულად, თუ გვინდა სიმშვიდე და ურთიერთობების ნორმალური განვითარება, არ უნდა მივმართოთ საჯარო დემონსტრაციებს, პროვოკაციებსა და ნგრევას. უნდა მივყვეთ ცივილიზებულ ლოგიკას. გარწმუნებთ, რომ ჩვენ გვეყოფა მოთმინება და გავაგრძელებთ ურთიერთობების ნორმალიზების კურსს, ხოლო პროვოკატორებს სათანადო სიტყვიერ და ლოგიკურ წინააღმდეგობას გავუწევთ”.