პროკურატურა „ქართუს საქმეზე“ ნიკა მელიას დამნაშავედ ცნობას სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს. სხდომა 10 მარტსაა ჩანიშნული.
მანამდე მელიას 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა, რაც ამნისტიით, 2 წელსა და სამი თვემდე შემცირდა.
მაშინ მელია გამტყუნდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში, ხოლო გამართლდა ბრალდებაში, რომელიც გულისხმობდა წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარებას მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
ადვოკატი გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ სწორედ იმ ნაწილს გაასაჩივრებს, რაშიც საქალაქო სასამართლომ მელია გაამართლა. ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე გულისხმობს.
მელიას ადვოკატი “მთავარ არხთან„ საუბარში ამბობს, რომ საქმეს მოსამართლე ვეფხია ლომიძე ერთპიროვნულად განიხილავს.
„ქართუს საქმე“
2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პრესამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ შსს–მ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ- დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გიორგობიანის განცხადებით, გეგმა მიზნად ისახავდა ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით ბანკი “ქართუს” გაკოტრებას.
“დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედეგბოდა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული”,– განაცხადა გიორგობიანმა
მისივე თქმით, იმ მიზნით, რომ ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონის ჩაშლა ხდებდა. რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით.
“დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს, რომელთაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა იმ კომპანიებზე, რომლებსაც სიანმდვილეში ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები აკონტროლებდნენ”
შსს აცხადებს, რომ ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ ბანკი ქართუს საკრედიტო დავალიანება, რომლის უზურნველყოფასაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა.
“შესაბამისად, დაზარალებული რჩებოდა ბანკი ქართუ, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 997 000 დოლარისა და 3 757 000 ლარის კრედიტები”.
მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ტვ პირველთან ამბობს, რომ ამ საქმეში 25 პირის მიმართ შეწყდა გამოძიება:
“დღეს დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ 09:30 საათზე სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს 7 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც 25 ადამიანს აქვს შეწყვეტილი საქმე… ამ საქმეს 7 წლის მანძილზე იხილავდნენ, უძრავად იყო და დღეს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, გააქტიურდა. ცალსახაა, რომ ადგილი აქვს ამ საქმის ინსტრუმენტად გამოყენებას იმისთვის, რომ ჩამოიშორონ პოლიტიკიდან ნიკა მელია, როგორც მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი”, – აცხადებს მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
ადვოკატების ცნობით, მელიას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რომელთაგან ყველაზე მძიმე ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.