საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ელჩი კრისტიან ურსი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიხაელ ფაბრი.
“მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სრული მზადყოფნა გამოთქვა პოლიტიკური დიალოგისა და შერიგების პროცესებში ჩართვისთვის.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ გააკეთა განცხადება ყველა პოლიტიკური მხარისათვის ნეიტრალური საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზების შესახებ.
ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ ინიციატივით 2019 წელს რამდენჯერმე გამოვიდა:
- 21 ივნისი – “მე მზად ვარ, შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება, ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს. გაერთიანებაში, შერიგებაში და ჩვენს ევროპულ გზაშია ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა”.
- 9 ივლისი – “ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ. ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ. ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს“.
- 10 სექტემბერი – “დღესაც მზად ვარ შევთავაზო ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა ყველა პოლიტიკურ მხარეს და საზოგადოებას, რათა განსხვავებების მიუხედავად, ერთად გადავჭრათ არსებითი საკითხები. საჭიროების შემთხვევაში, ასევე მზად ვარ ამ საკითხებში ჩავრთო უცხოელი პარტნიორები“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ამავე მიზნით შედგა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დიალოგის ფასილიტატორ ელჩებთან.
მანამდე პრეზიდენტი გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და თქვა, რომ დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის.