ტელეკომპანია “პირველის” მფლობელი ვახტანგ წერეთელი ანრი ოხანაშვილის მიერ ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
წერეთელი აღნიშანვს, რომ დეპუტატის განცხადებებში უჩვეულო არაფერია და ხელისუფლება უკვე დიდი ხანია საკუთარ ზრახვებს ვეღარ მალავს:
“დღეს უმრავლესობის დეპუტატს,ოხანაშვილს ,დიანას ეთერში უჩვეულო არაფერი გაუკეთებია. ამას უკვე შევეჩვიეთ. დიდი ხანია, ვეღარ მალავთ ზრახვებს: კრიტიკულ შეკითხვას უსვამ – ტენდენციური ხარ; მათთვის არასასურველ სტუმარს მოიყვან- ტენდენციური ხარ; დებატებში დიდი ხანია აღარ დადიან; რამეს გამოიკვლევ – ტენდენციური ხარ; თუ ამ ყველაფერს აკეთებ – უზნეო ყოფილხარ; ყველა ტენდენციურია – ოკეანის იქით და ოკეანის აქეთ – კონგრესიდან ზოვრეთის ქუჩამდე.
ობიექტურობა სიჩუმე და ქება ყოფილა თურმე. ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ. ყველაფერს გავუძელით და ეს ყოველდღიური თავდასხმა შეგვაშინებს?!” – წერს ვახტანგ წერეთელი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე.
დღეს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” ანრი ოხანაშვილმა ამორალური უწოდა ამავე არხის ჟურნალისტის მიერ მასზე თავდასხმაში ბრალდებულის მიწვევას და თამარ ჩიხლაძე გააკრიტიკა.
ოხანაშვილი ამბობდა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ჩივილს აზრი არ აქვს, რადგან “მორალი და ზნეობა უპირველესი ღირებულებებია” და როდესაც მისგან გადაუხვევ, მისი თქმით, ჩივილს აზრი არ აქვს”:
“მორალურად არ გრძნობთ პასუხისმგებლობას? თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, მე სადმე მიმიწვიოს. მორალი და ზნეობა იმხელა ფასეულობაა, რომ ჩივილი აქ არაფერ შუაშია. აქ არის მორალის და ზნეობის საკითხი. თქვენ რომ თქვენი საქმიანობის გამო ვინმე მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და მე ვიყო ჟურნალისტი, ეს ადამიანი რომ მივიწვიო გადაცემაში ისე, რომ არ ჩავიდე და ვკითხო მოწმეებს, შევეკითო, რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ძალადობის წახალისება არ არის?
მორალი და ზნეობა ყველას უნდა გაგვაჩნდეს. ელემენტარული ადამიანური მორალი და ზნეობაა, რომ პასუხისმგებლობას გრძნობდეთ თქვენი უპასუხსიმგებლო ჟურნალისტის გამო, რომელმაც ისეთი რამ იკადრა, რაც ჟურნალისტიკის ისტორიაში არ მომხდარა. ჟურნალისტურ სტანდარტს პატივი ეცით. მორალი და ზნეობა უპირველესი ღირებულებაა, როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულება გადაუხვევ, იქ ჩივილს აზრი არ აქვს”, – ამბობდა ოხანაშვილი ტვ “პირველის” ეთერში.