ახალი ამბები

პრემიერი: იმედია რუსეთის ხელისუფლება ამ პროვოკაციებით დაინტერესდება და პროცესი შეჩერდება

14 ივლისი, 2015
პრემიერი: იმედია რუსეთის ხელისუფლება ამ პროვოკაციებით დაინტერესდება და პროცესი შეჩერდება

“მთავრობამ იცის რა უნდა გააკეთოს, მთავრობამ იცოდა რას აკეთებდა. მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას. მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო ოკუპანატების გავლენის ქვეშ და ეს ტერიტორია ჩვენი კონტროლის ქვეშ არ იყო, მე მგონი, ყველასთვის ცნობილია. ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


“… ვიმედოვნებ, რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდება ამგვარი პროვოკაციებით და ეს პროცესი შეჩერდება, ვინაიდან ეს არც ერთ მხარეს არ წაადგება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს განვავითაროთ კონსტრუქციული, პრაგმატული ურთიერთობები და დავარეგულიროთ დიალოგის გზით, მაგრამ პრინციპულები დავრჩებით ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ჩვენს ტერიტორიებს – ჩვენს აფხაზეთს და ჩვენს სამაჩაბლოს. მინდა, ყველას მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ვიყენებთ და გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ბერკეტს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ობიექტია ნავთობსადენიც და ამ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე საქართველო მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად იმუშავებს.


რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოებას, პრემიერმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ იგეგმება.


„ის ფორმატი რაც გვაქვს, დარჩება, მეორე არის ჟენევის ფორმატი. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გადახედვას ან გაფართოებას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი




მასალების გადაბეჭდვის წესი