ახალი ამბები

არასრულწლოვანთა დასაკითხად ცალკე ფლიგელი პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისში იქნება – შსს

12 თებერვალი, 2020 •
არასრულწლოვანთა დასაკითხად ცალკე ფლიგელი პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისში იქნება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანთა დასაკითხად ცალკე ფლიგელი პოლიციის განყოფილებებში პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისში იქნება. ნეტგაზეთის კითხვაზე, რა პერიოდს გულისხმობს “პირველი ეტაპი”, შსს-ში არ პასუხობენ.

გუშინ,11 თებერვალს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ თბილისის მთავარ სამმართველოში არასრულწლოვანთა დასაკითხად ცალკე ფლიგელი მოეწყობა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, აღნიშნული ფლიგელი 2020 წლის პირველი აპრილიდან გაიხსნება და ყველა დასაკითხი ოთახი აღიჭურვება ვიდეოკამერით და ამის შესახებ დაკითხვამდე აცნობებენ არასრულწლოვნებს. ამასთან, ამ განყოფილებაში იქნება არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიც.

ვახტანგ გომელაურმა სამწუხარო უწოდა ფაქტს, როდესაც არასრულწლოვანი ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს დასაკითხად, იმ დროს იქ არ იყო არასრულწლოვნისთვის განკუთვნილი ოთახი. შესაბამისად, არასრულწლოვანი არაშესაფერის გარემოში დაიკითხა.

“ვინაიდან პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ოთახები, ამიტომ მისი გამოკითხვა მიმდინარეობდა პოლიციაში, ერთიან სივრცეში, სადაც იყვნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები”, – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ლუკა სირაძის საქმის შესწავლის შემდეგ.

ლუკა სირაძეს გვიან ღამემდე 6 საათს ჰკითხავდნენ და ემუქრებოდნენ – ინსპექტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი