ახალი ამბები

ვინ ითხოვს და ვინ არა კორპორატიულად ბილეთებს ფედერაციისგან? – უწყებების განმარტებები

13 ივლისი, 2015 • • 1089
ვინ ითხოვს და ვინ არა კორპორატიულად ბილეთებს ფედერაციისგან? – უწყებების განმარტებები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, მთავრობის ადმინისტრაციაში, თბილისის მერიაში, ჯანდაცვის სამინისტროში, გარემოს დაცვის სამინისტროში, პარლამენტში, სასჯელაღსრულები სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე განათლების სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათ ფედერაციისათვის ბილეთებისთვის არ მიუმართავთ.


შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ისინი ვერ გვიპასუხებენ ამ საკითხზე და საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.


ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ საკუთარი თანამშრომლებისათვის ითხოვეს კორპორატიული წესით ბილეთების შესყიდვა, თუმცა უწყებაში არ პასუხობენ შეკითხვებს – რამდენი ბილეთის ყიდვა სურთ? სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ბილეთის საფასურს ის თანამშრომლები დაფარავენ, რომლებიც სტადიონზე წავლენ.


ფედერაციას 20 ბილეთთან დაკავშირებით მიმართა კულტურის სამინისტრომაც. საუბარი ამჯერადაც უწყების თანამშრომლებისთვის ბილეთების შეძენაზეა. სამინისტროს განმარტებით, საფასურს ამ შემთხვევაშიც თანამშრომლები იხდიან.


“ჩვენ ბილეთებზე მოთხოვნა ფედერაციაში გავგზავნეთ იმ დღეს, როდესაც biletebi.ge-ზე ტექნიკური პრობლემა შეიქმნა. ჩვენ ვთხოვეთ შუამდგომლობა ამ ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის გამო, რომ ინტერნეტსივრცეში ეს შეზღუდული იყო და არ გვქონდა ინფორმაცია, როგორ და რა ფორმით გაიყიდებოდა. საუბარი იყო 20 ბილეთზე. შიგნით მოკვლევა ჩატარდა და სურვილი რამდენმა ადამიანმაც გამოთქვა, იმის მიხედვით…”, – ამბობენ სამინისტროში.


შეკითხვას, რატომ უნდა დახმარებოდა ფედერაცია სამინისტროს 20 თანამშრომელს ბილეთის შეძენაში, სამინისტროში გვპასუხობენ, რომ მათ წერილს უფრო შეკითხვის ფორმა ჰქონდა და სიტუაციაში გარკვევას ისახავდა მიზნად, თუმცამანამდე წაგვიკითხეს ეს წერილი, საიდანაც ნათლად იკვეთება, რომ უწყება ფედერაციისაგან მისი კომპეტენციის ფარგლებში 20 ბილეთის შეძენაში დახმარებას ითხოვს და არა ინფორმაციას biletebi.ge-ს სერვერების თაობაზე.

 

“როდესაც შეიქმნა ეს პრობლემა, ჩვენ მაშინვე მივწერეთ… ჯერ არც იყო გამოცხადებული, რომ ეს ცოცხალი რიგი იქნებოდა თუ ინტერნეტრესურსზე გაიყიდებოდა ბილეთები. ინფორმაციას ვთხოვდით, რომ ამის გარკვევაში დაგვხმარებოდნენ. რომ გვცოდნოდა, ცოცხალი რიგი იქნებოდა, ალბათ ჩვენც ცოცხალ რიგში ჩავდგებოდით”.


ჩადგებოდნენ თუ არა სამინისტროს თანამშრომლები პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა გულშემატკივრებთან მიმართებაში, ფედერაცია რომ მათ დახმარებოდათ? – უწყებაში ფიქრობენ, რომ არა.


“პრივილეგირება რა… ხომ შეიძლება მოქალაქესაც ჰქონდეს ასეთი წერილი მიწერილი? რომ გთხოვთ, გაგვიწიეთ დახმარებაო. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ამ ფორმით იყო ჩვენგანაც გაგზავნილი”, – ამბობენ უწყების პრესსამსახურში და აზუსტებენ, რომ წერილს ხელს მინისტრის მიადგილე კახა კანდელაკი აწერს, რადგან იმ პერიოდში მინისტრი საქართველოში არ იმყოფებოდა.


მიმართეს თუ არა ფეხბურთის ფედერაციას კორპორატიული წესით ბილეთების შეძენის თაობაზე? – ამ კითხვისთვის ჯერჯერობით არ უპასუხიათ მთავარ პროკურატურაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროში.


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მატჩზე დასასწრები 300 ბილეთის კორპორატიული წესით მიყიდვა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სთხოვა. ამის შესახებ განცხადება ნეტგაზეთთან საუბარში  სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ბილეთების შეძენა მაჟორიტარი დეპუტატები მათსავე სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საკუთარი სახსრებით აპირებდნენ.

 

ნეტგაზეთის შეკითხვას, კონკრეტულად რომელმა მაჟორიტარებმა გამოთქვეს მსგავსი სურვილი, ჯოხაძე პასუხობს:

 

“ლადო ძნელაძემ, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საფეხბურთო გუნდი ჰყავს, სადაც 50 ბავშვია გაწევრიანებული. ასევე, გოგლიკო მუსხელიშვილმა ვაკის მაჟორიტარმა, მე თვითონ მუხიანის მაჟორიტარი ვარ და სოციალურად დაუცველი 7 ბავშვისთვის მინდოდა ბილეთის ყიდვა, ასევე მთხოვა კობა კობალაძემ, ირაკლი აბუსერიძემ… ჩვენ თავიდან ელექტრონულად გვსურდა [biletebi.ge-ზე] ამ ბილეთების შეძენა. მე ჩემი კომისიის აპარატის თანამშრომლებისთვის მქონდა დავალებული. უბრალოდ, როდესაც სერვერმა გაჭედა, შესყიდვა ვერ მოვახერხეთ და ვკითხეთ ფეხბურთის ფედერაციას, რა ფორმით შეიძლებოდა ამ ბილეთების შეძენა, სადაც გვითხრეს, რომ იქნებ მოგვწეროთ წერილობით. ჩვენ მივმართეთ წერილობით, თუმცა არც პასუხი მიგვიღია ჯერ და არც ბილეთები”, – ამბობს ჯოხაძე.

 

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს მიერ ბილეთების შესყიდვის ინიციატივის შესახებ არაფერი იცოდა, იგივე დაწერა ფეისბუკზე დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა. როგორ მოხდა, რომ მაჟორიტარების ნაწილი საქმის კურსში იყვნენ, ხოლო ნაწილი არა? ამ ფაქტს ქეთევან ჯოხაძე ასე ხსნის:

 

“ალეკო ელისაშვილი ამერიკაში იყო მაგ დროს… დათო ზურაბიშვილსაც არ გამოუთქვამს სურვილი… ბატონი დათო არ იყო ალბათ საკრებულოში, თუმცა თათბირებზე ვთქვით და [დეპუტატებმა] იცოდნენ, რომ ასეთი სურვილი გვქონდა”.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის მიწერილი წერილი დღეს ნიკა მელიამ გაასაჯაროა. წერილის მიხედვით, საკრებულო სამი კატეგორიის 300 ბილეთის შეძენა უნდა: 100 – 18-ლარიანი, 100 – 135-ლარიანი და 100 – 75-ლარიანი. რა პრინციპით დაყვეს მაჟორიტარებმა ბავშვები, ვინ რამდენლარიან ადგილზე დაჯდებოდა სტადიონზე?

 

“მასე არ იყო. ზოგ დეპუტატს ჰქონდა იმის საშუალება და სურვილი, რომ ეყიდა 75-ლარიანი, ზოგს არ ჰქონდა მაგის საშუალება და ყიდულობდა 18-ლარიანს. ამას დეპუტატები ყიდულობდნენ თავიანთი ფულით და ამგვარად მოხდა ეს დეფინიცია”.

 

რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაჯდა ამგვარი ფორმულით, სამივე კატეგორიაზე ზუსტად 100-100 ბილეთის შეძენის საშუალება რომ აღმოაჩნდა ყველა მაჟორიტარს, ჯოხაძე განმარტავს:

“რიცხვი თუ გაინტერესებთ, 276 ბილეთი გამოვიდა სულ  და ჩვენ უბრალოდ დავამრგვალეთ. მერწმუნეთ, მსურველი ნამდვილად ბევრი იყო და არც იმ 25 ბილეთზე შეიქმნებოდა პრობლემა…”.

 

რა პრინციპით შეარჩიეს მაჟორიტარებმა ბავშვები, რომლებიც ბარსელონა – სევილიას მატჩს დაესწრებოდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ყველა რაიონში არაერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს?

“მაგალითად, ჩემი ბიუროს მაგალითზე გეტყვით, რომ მე ვიცი ის ოჯახები, ვინც მოდიან ჩვენთან, მათ შორის არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ. მე ასეთი კატეგორიიდან მყავდა შერჩეული. მეტის საშუალება არ მქონდა. ჩემი სახსრებით ვყიდულობდი ამ ბილეთებს. ყველაზე უფრო გაჭირვებული ოჯახებიდან ამოვარჩიე 7 ბავშვი. ისინი, ვისთვისაც მე პირადად შემეძლო ბილეთი გადამეცა”, – ამბობს იგი.

 

ქეთევან ჯოხაძე არ ფიქრობს, რომ დეპუტატების მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობას აქვს ადგილი, რადგან ამჟამად საარჩევნო პროცესი არ მიმდინარეობს. მისი თქმით, იმისათვის, რომ ყველა ეჭვი გაიფანტოს, მზად არიან, თუ ფედერაცია ბილეთებს მიჰყიდის, ბავშვებისთვის ბილეთების გადაცემის და სტადიონზე წაყვანის პროცესი საჯარო გახადონ მედიისათვის.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ფეხბურთის ფედერაციას სუპერთასზე დასასწრები 55 ბილეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის სთხოვა. 


როგორც თავდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ (ამპუტირებულ) სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ სურვილი 2015 წლის 11 აგვისტოს უეფას სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასწრების. უწყების ცნობით, ამ ადამიანებს არ შეუძლიათ რიგში ჩადგომა და იქ მისვლა.

 

”თხოვნით მივმართეთ ფედერაციას, რომ დახმარება აღმოგვიჩინონ ამ დაჭრილებისთვის და 55 ცალი ბილეთი მოეცათ. მინისტრის თხოვნა იყო, რომ სიურპრიზი გაგვეკეთებინა დაჭრილებისთვის. რახან მედია დაინტერესდა, თავისთავად, ეს სიურპრიზი აღარ გამოვა, სამწუხაროდ. ფედერაციიდან პასუხი არ მიგვიღია. სამინისტროს თანამშრომლებისთვის არა, მხოლოდ დაჭრილი ჯარისკაცებისთვის გვინდოდა ბილეთები,” – გვითხრეს თავდაცვის სამინისტროში.

 

კითხვაზე, სულ რამდენი სამხედრო მოსამსახურეა ისეთი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიების დროს არიან დაშავებული და არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება, თავდაცვის სამინისტროში გვიპასუხეს: ”ჩვენ გვაქვს 55-ზე გაგზავნილი მოთხოვნა.”

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციები მათგან უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვას კორპორატიული წესით ითხოვენ და ფედერაციაში უკვე შესაბამისი უამრავი წერილი აქვთ მიღებული.

 

როგორც ნეტგაზეთს GFF-ში განუცხადეს, ისინი ჯერჯერობით არ აპირებენ მიღებული წერილების გასაჯაროებას. ფედერაციაში განგვიცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ინტერნეტში თავადვე გაავრცელებენ. ფედერაციის ცნობით, გარდა საჯარო სექტორისა, კორპორატიული წესით ბილეთების შეძენას კერძო კომპანიებიც სთხოვენ.

ბარსელონა-სევილია/სუპერთასის ბილეთები © გიორგი მაღრაძე
ბარსელონა-სევილია/სუპერთასის ბილეთები © გიორგი მაღრაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი