ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაინიშნა EUMM-ის ახალი ხელმძღვანელი

11 თებერვალი, 2020 • 2306
დაინიშნა EUMM-ის ახალი ხელმძღვანელი

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM-ის) ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა პოლონელი დიპლომატი მარეკ შჩიგიელი.

EUMM-ის თანახმად, შჩიგიელი ამჟამად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, როგორც უსაფრთხოების საგანგებო გამოწვევების ელჩი და საერთაშორისო კიბერ-პოლიტიკის კოორდინატორი.

მარეკ შჩიგიელი, ევროკავშირის საბჭოს 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 მარტიდან შეუდგება ახალი მოვალეობის შესრულებას. იგი 2020 წლის 14 დეკემბრამდე ვადით ინიშნება.

მისი CV-ის თანახმად, შჩიგიელი მაღალ დონეზე ფლობს ინგლისურ, შვედურ და რუსულ ენებს, სამუშაო დონეზე კი -ფრანგულს, გერმანულსა და რუმინულს.

მისი წინამორბედი იყო ერიკ ჰოგი, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტზე მოღვაწეობა ოფიციალურად 2019 წლის დეკემბერში დაასრულა. ამ თანამდებობას ის 2017 წლის დეკემბრიდან იკავებდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც ევროკავშირმა 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ დააარსა.

მისიის მანდატად განსაზღვრულია სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენა, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით.

მათი ვებსაიტის თანახმად, საქმიანობის დაწყების შემდეგ მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს.

EUMM-ის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში.

მათი მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუმცა, როგორც საიტზე წერენ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ აძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი