ახალი ამბები

მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს

11 თებერვალი, 2020 •
მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, უნდა გამოვიდეს იმ კომფორტის ზონიდან, რასაც პოლიტიკური მოვლენების გვერდიდან ყურება ჰქვია. ამის შესახებ მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად მონაწილეობას, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს ბუნებრივია:

“მე ვეღარ ვხედავ ვერც ჩემი თავისთვის, ვერც სხვა ადამიანებისთვის იმ კომფორტს, რომ გვერდიდან ვუყუროთ ამ მოვლენებს…” ,- განაცხადა მარგველაშვილმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით აპირებს პოლიტიკაში გააქტიურებას და აქვს თუ არა რაიმე გეგმები 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.

საუბრისას მან ახსენა გიორგი კვრიკაშვილი და ირაკლი ალასანია, რაზეც ტრაპაიძემ ჰკითხა, აქვს თუ არა “ძველი გვარდიის” დაბრუნების მოლოდინი, მარგველაშვილს კი ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია:

“მე ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, ვინც ვიმსახურეთ პოლიტიკაში და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ კომფორტის ზონა შევიქმნათ [პოლიტიკიდან გასვლით]”, – განმარტა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა 2018 წელს დატოვა. მას შემდეგ აქტიურ პოლიტიკაში აღარ არის ჩართული. მარგველაშვილს კენჭი არ უყრია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც, სადაც სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი