ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც უკვე შეიძინა სუპერთასზე დასასწრები ბილეთები, უნდა გაეცნოს „საქპატენტისა“ და სფფ-ის ერთობლივ განცხადებას:
„უეფა-ს ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასაწრები ბილეთების გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება, რასთან დაკავშირებითაც უეფა-ს მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის თანამშრომლებით, ახორცილებენ სუპერთასის მატჩის ბილეთების ნებართვის გარეშე გასაყიდად შეთავაზების ფაქტების გამოვლენას და აღკვეთას, მათ შორის ინტერნეტში.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომ დაიცვან კანონი და თავი შეიკავონ უნებართვოდ ბილეთების გაყიდვისგან, რადგან ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.“
ფეხბურთის ფედერაციამ ვაკის პარკის მთავარი შესასვლელის კიბეებთან დადგა მონიტორი, სადაც გულშემატკივრები ხედავენ, თუ რამდენი ბილეთი გაიყიდა და რამდენი დარჩა. შს სამნისტროს თანამშრომლები და ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდები გულშემატკივრების მიერ შედგენილი სიების მიხედვით 50-50 ქომაგებისგან შემდგარ ჯგუფებს 20-30-წუთიან ინტერვალში უშვებენ სალაროების მიმართულებით.
ერთ ადამიანს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენითა და ნაღდი ანგარიშსწორებით მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების ფასია 18, 35 და 75 ლარი. სულ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება. ამ დროისთვის 75-ლარიანი ბილეთი საერთოდ აღარ არის დარჩენილი. სალაროებში მხოლოდ 18 და 35-ლარიანი ბილეთები იყიდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის ზვიად სიჭინავას განცხადებით, სალაროები იმუშავებს მანამდე, ვიდრე სუპერთასის ყველა ბილეთი არ გაიყიდება. 18:00 საათისთვის გაყიდულია 8 700 ბილეთი.
11 აგვისტოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.
თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.