ფესხბურთის ქომაგები, ვინც სპეცილაურ სიაში ვერ მოხვდა, მივიდნენ ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან და ითხოვდნენ ზვიად სიჭინავასთან შეხვედრას. თუმცა უკმაყოფილო ქომაგებთან შესახვედრად ფედერაციის შენობიდან არავინ გამოსულა.
ადგილზე მოვიდა პოლიცია და ფედარაციის შენობასთან ცოცხალი კორდონი აღმართა, რის შემდეგაც გულშემატკივრებს აღნიშნული ტერიტორია დაატოვებინეს.
გულშემატკივრების ჯგუფი დღეს დილიდან აპროტესტებს სუპერთასის ბილეთების გაყიდვას მოქალაქეების მიერ შედგენილი სპეციალური სიით. ფეხბურთის ქომაგების ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ეს სია არასამართლიანად შედგა:
“გვაქვს ეჭვი, რომ იმ მოქალაქეებმა, ვინც სია შეადგინა, იქ საკუთარი ნათესავები ჩაწერეს და მათი პირადობები დააფიქსირეს.”
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროები დღეს, 09:00 საათზე გაიხსნა.
ფეხბურთის ფედერაციამ ვაკის პარკის კიბეების ზემოთ დადგა მონიტორი, სადაც გულშემატკივრები დაინახავენ, რამდენი ბილეთი გაიყიდა. შს სამნისტროს თანამშრომლები და ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდები გულშემატკივრების მიერ შედგენილი სიების მიხედვით 50 ადამიანს 20-წუთიანი ინტერვალით უშვებენ სალაროების მიმართულებით.
GFF–ის განცხადებით, ერთ ადამიანზე გაიყიდება 4 ბილეთი. ბილეთების ფასია 18, 35 და 75 ლარი. სულ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება.
11 აგვისტოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.
თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.
Posted by Dato Qoqoshvili on 12 Июль 2015 г.