ახალი ამბები

პოლიცია ბილეთების მსურველთა სალაროებისკენ გადაადგილებას მოქალაქეების რეგისტრირებული ჟურნალის მიხედვით იწყებს

12 ივლისი, 2015 • 1107
პოლიცია ბილეთების მსურველთა სალაროებისკენ გადაადგილებას მოქალაქეების რეგისტრირებული ჟურნალის მიხედვით იწყებს

ვაკის პარკში სუპერთასის ბილეთების შესაძენად ათასობით ადამიანი იმყოფება. ფეხბურთის გულშემატკივართა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, რის გამოც ქომაგების ინიციატივით რამდენიმე ახალი ჯგუფი კეთდება.

 

ჯგუფების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, პაატა ლომინაძე ამბობს, რომ ვინც დარჩენილ ჯგუფებში ვერ მოახერხებს ჩაწერას, უბილეთოდ დარჩება. ლომინაძე სიების “ლიდერების” სახელებსა და გვარებს ხმის გამაძლიერებელში აცხადებს. მისი თქმით, “ლიდერები” თავისი ჯგუფის წევრებთან ერთად პირადობის დამადასტურებელი ნომრებით ხელში დაიძრებიან სალაროებისკენ.

 

ის გულშემატკივრები, რომლებმაც სიებში ჩაწერაზე უარი თქვეს ან ვერ მოახერხეს თბილისში ჩამოსვლა, ქომაგების ინიციატივას არასამართლიანს უწოდებენ. ერთ-ერთი ფეხბურთის გულშემატკივარი, თორნიკე სინაურიძე ამბობს, რომ მისი მეგობრები ფიზიკურად ვერ ახერხებდნენ რეგიონებიდან ორი დღით ადრე დედაქალაქში ჩამოსვლას და აქ დარჩენას.

 

ვაკის პარკის მთავარ შესასვლელისან მიხეილ მესხის სახელობის სალაროებამდე ყველა გზა გადაკეტილია. ჯებირებად გამოყენებულია ყვითელი ავტობუსებიც. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროები 09:00 საათზე გაიხსნება.

 

11 აგვისტოს დინამო არენაზე, სუპერთასის მატჩში ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” და ევროპის ლიგის თასის მფლობელი “სევილია” დაუპირისპირდებიან.

 

თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი