ახალი ამბები

შსს: ვაკის პარკში პატრული და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული

11 ივლისი, 2015 • 1484
შსს: ვაკის პარკში პატრული და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული

კითხვაზე, იმ ასობით გულშემატკივრის მიერ წინასწარ შედგენილი სიების გამო, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციამ არასამართლიანი უწოდა, ხომ არ იგეგმება სამართალდამცავების რაოდენობის გაზრდა ვაკის პარკის ტერიტორიაზე, შსს-დან გვიპასუხეს: ”პოლიცია არის ადგილზე მობილიზებული და კანონის ფარგლებში იმოქმედებს.”

 

ფეხბურთის გულშემატკივართა რიგები სუპერთასის ბილეთების შესაძენად რეალიზებამდე ერთი დღით ადრე. ვაკის პარკი, თბილისი, საქართველო. 11.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

 

ვაკის პარკში, სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შესაძენად, ერთი დღით ადრე ასობით ადამიანი ცოცხალ რიგში დგას. ფეხბურთის გულშემატკივრებმა საკუთარი ინიციატივით გააკეთეს ჟურნალი, სადაც პირადობის დამადასტურებელი ნომრებით ეწერებიან. გულშემატკივრბმა 50-მდე ჯგუფი შექმნეს. ყველა ჯგუფს საკუთარი ”ლიდერი” ჰყავს და თითო ჯგუფში 50 ადამიანია ჩაწერილი. მათ ხვალ დილიდან საკუთარი ინიციატივით გაკეთებული ჟურნალის მიხედვით სურთ ბილეთების შეძენა. გუკშემატკივართა ნაწილი ბილეთების შესაძენად ვაკის პარკში აპირებს ღამის გათენებას. რამდენიმე გულშემატკივარი ადგილზე კარვით და შესაბამისი აღჭურვილობით არის მისული. ვაკის პარკში ასევე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივას აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ თვითნებურად რიგების გაკეთება არასამართლიანია, რადგან რეგიონებიდან გულშემატკივრები ვერ მოასწრებენ ჩამოსვლას.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ხვალ, დილის 9 საათიდან ბილეთები სამართლიანობის პრინციპის დაცვით გაიყიდება. ფედერაციის ცნობით, წინასწარ შედგენილი სიები რეგიონებში მცხოვრები ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

ფეხბურთის გულშემატკივართა რიგები სუპერთასის ბილეთების შესაძენად რეალიზებამდე ერთი დღით ადრე. ვაკის პარკი, თბილისი, საქართველო. 11.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
ფეხბურთის გულშემატკივართა რიგები სუპერთასის ბილეთების შესაძენად რეალიზებამდე ერთი დღით ადრე. ვაკის პარკი, თბილისი, საქართველო. 11.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

 

11 აგვისტოს დინამო არენაზე, სუპერთასის მატჩში ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” და ევროპის ლიგის თასის მფლობელი “სევილია” დაუპირისპირდებიან.

 

თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი