ახალი ამბები

იონათამიშვილი ოპოზიციას მოლაპარაკებების შეწყვეტისთვის აკრიტიკებს

10 თებერვალი, 2020 •
იონათამიშვილი ოპოზიციას მოლაპარაკებების შეწყვეტისთვის აკრიტიკებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების ფორმატის დატოვების გამო.

მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგი უგულავასთვის უზენაესი სასამართლოს მიერ 3- წლიანი პატიმრობის მისჯა ამ ფორმატთან კავშირში არაა და ვისაც ამ ორი რამის დაკავშირება სურს, დეპუტატის თქმით, “ან მოლაპარაკებების მნიშვნელობას ვერ აფასებს, ან განზრახ ეძებს მიზეზს იმისთვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდეს”:

“გადაწყვეტილებას, ცხადია, იღებს სასამართლო და იღებს შესაბამისი დასაბუთებით. ასევე, ცხადია, არ აქვს მნიშვნელობა, პირი არის მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი. სასამართლოს და მართლმსაჯულების წინაშე ყველა თანაბარია. ეს პრინციპი იქნება დაცული ყოველ ჯერზე. რაც შეეხება ამ საკითხის მიბმას მოლაპარაკებების რაუნდებთან, მე ვფიქრობ, ეს ერთმანეთთან კავშირში არაა და ვისაც ამის გაბმა სურს, ის ან მოლაპარაკებების მნიშვნელობას ვერ აფასებს, ან განზრახ ეძებს მიზეზებს იმისთვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდეს, არ იყოს კონსტრუქციული. ამიტომ ესენი ერთმანეთთან ნამდვილად არ შეიძლება, რომ გავაიგივოთ, იმიტომ, რომ მოლაპარაკება ის პასუხისმგებლობაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა გააჩნდეს”, – ამბობს იოთანამიშვილი.

ოპოზიციამ დიალოგის ფორმატი ხელისუფლებასთან მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა უზენაესმა სასამართლომ. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი