ახალი ამბები

“ეს, ფაქტობრივად, არის დაცინვა” – გიგაური უგულავას განაჩენზე

10 თებერვალი, 2020 •
“ეს, ფაქტობრივად, არის დაცინვა” – გიგაური უგულავას განაჩენზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო-ს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თბილისის ყოფილ მერს და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა მიესაჯა, არის მიუღებელი და „დასასვლელი პარტნიორების ფაქტობრივი დაცინვაა“. გიგაური აგრეთვე მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯს „ძალიან მკაცრი რეაქციები“ მოჰყვება.

„ჩემთვის პირადად ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი არის, როდესაც მთელი დასავლეთი, ანუ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები აკრიტიკებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, იქნება ეს სხვადასხვა რეფორმა თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ასევე ისინი საუბრობდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე… ჩვენი მთავრობა საპასუხოდ აკეთებს რას? საპასუხოდ აი, ამ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს. ამიტომ, ეს, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი.

მათ საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ეს, ფაქტობრივად, არის დაცინვა. ასე არ ექცევი და ასეთი რეაქციები არ გაქვს იმ პარტნიორის განცხადებებზე, რომელიც გეხმარება, რომელიც ცდილობს დაგაკავშიროს NATO-სთან და ევროკავშირთან და რომელიც ეხმარება შენს ეკონომიკას. ასეთი პასუხი, რა თქმა უნდა, არის არაადეკვატური და დაცინვა. არ შეიძლება ასე ექცეოდე საკუთარ პარტნიორებს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მკაცრი რეაქციები“.

გიგაურმა აგრეთვე განაცხადა, რომ „გვაქვს ქვეყანა, სადაც იდევნებიან პოლიტიკური ოპონენტები, ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც იდევნება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია“.

“ვიცით, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებიც და მათი წარმომადგენლებიც არიან გამოძიების ქვეშ, ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც არ არის მზად, რომელშიც ხელისუფლება არ არის მზად, ვინმეს გაუყოს თავისი ძალაუფლება და უნდა, რომ ულიმიტოდ შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება. ამიტომ ეს,  რა თქმა უნდა, ცუდია, ჩვენ არ გვინდა, რომ ასეთი ქვეყანა გვქონდეს, ჩვენ გვინდა დემოკრატია და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს გვქონდეს”.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი