როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ეკა ელოშვილი ამბობს, ბილეთების გაყიდვის დაწყება იმიტომ გამოცხადდა 4 დღით ადრე, რომ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტერესებიც ყოფილიყო გათვალისწინებული:
”ისედაც ყველა მაგას ამბობდა, რომ რეგიონებში მცხოვრები ხალხი იჩაგრებოდა და რეალურად ეგრეც არის. იმ ხალხმა უნდა მოასწროს მობილიზება, დღეს ჩამოსვლა და ხვალ დილიდან რიგში დადგომა. წინასწარ გაკეთებული სიები არის უკვე არასამართლიანი, იმიტომ, რომ თუ ნახევარი თბილისი ჩაეწერა რიგში, ის ადამიანები რომ ჩამოვლენ, მერამდენეები იქნებიან რიგში, კაცმა არ იცის. ჩვენ გვინდა ამ სამართლიანობის პრინციპის დაცვა. იმას ნამდვილად ვერ გეტყვით, აქვს თუ არ აქვს აზრი [მოქალაქეების მიერ სიების შედგენას], უბრალოდ, მთავარია ამ პროცესში იყოს სამართლიანობა დაცული, რომ ის ადამიანები, რომლებიც სპეციალურად ბილეთების შესაძენად ჩამოდიან თბილისში, არ დაიჩაგრონ.”
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ხვალ დილით ბილეთების საყიდლად მისული გულშემატკივარი იმ ადამიანებზე წინ აღმოჩნდეს რიგში, რომლებიც ვაკის პარკში ღამეს ათენებენ, ელოშვილი ამბობს: ”სავარაუდოდ, ასე უნდა იყოს. ჩვენ გუშინ საღამოს ჩავაყენეთ საქმის კურსში პოლიცია. ჩვენი უსაფრთხიების სამსახური შეხვდა შესაბამის სტრუქტურას, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მათ თქვეს – ”მადლობა ინფორმირებისთვის. ჩვენ მივხედავთ მაგ საქმეს.”
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელის ცნობით, დღის მეორე ნახევრიდან შსს-ს თანამშრომლები უკვე ადგილზე იყვნენ. მისი თქმით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამართალდამცველები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ნორმებსა და წესრიგს. ელოშვილის ინფორმაციით, ვაკის პარკიდან მიხეილ მესხის სტადიონამდე ზოგიერთი ზონა უკვე მოწყობილია. მისი ცნობით, სპეციალური ჯებირები ამ დროისთვის სალაროებთანაც ლაგდება.
ვაკის პარკში, სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შესაძენად, ერთი დღით ადრე ასობით ადამიანი ცოცხალ რიგში დგას. ფეხბურთის გულშემატკივრებმა საკუთარი ინიციატივით გააკეთეს ჟურნალი, სადაც პირადობის დამადასტურებელი ნომრებით ეწერებიან. გულშემატკივრბმა 50-მდე ჯგუფი შექმნეს. ყველა ჯგუფს საკუთარი ”ლიდერი” ჰყავს და თითო ჯგუფში 50 ადამიანია ჩაწერილი. მათ ხვალ დილიდან საკუთარი ინიციატივით გაკეთებული ჟურნალის მიხედვით სურთ ბილეთების შეძენა. გუკშემატკივართა ნაწილი ბილეთების შესაძენად ვაკის პარკში აპირებს ღამის გათენებას. რამდენიმე გულშემატკივარი ადგილზე კარვით და შესაბამისი აღჭურვილობით არის მისული. ვაკის პარკში ასევე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივას აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ თვითნებურად რიგების გაკეთება უსამართლოა, რადგან რეგიონებიდან გულშემატკივრები ვერ მოასწრებენ ჩამოსვლას.