შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გიგი უგულავას საქმეზე განაჩენის შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და აქციებს აანონსებს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამის ფონზე მოლაპარაკებების გაგრძელება ბიძინა ივანიშვილის წაქეზებაა.
„პირსისხლიანმა დიქტატორმა გადალახა წითელი ხაზი, მესამედ დააპატიმრა ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი. ეს არის საზოგადოებაზე და დემოკრატიულ თანამეგობრობაზე დაფურთხება. ამას არ აკეთებდნენ ყველაზე დუჟმორეული და სისხლიანი დიქტატორები“, – ამბობს ნათელაშვილი და ამატებს, რომ ოპოზიცია ამ გადაწყვეტილების შემდეგ მასობრივ აქციებს მოაწყობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.