ახალი ამბები

სუპერთასის ბილეთების შესაძენად ერთი დღით ადრე გულშემატკივრები რიგში დგანან [ფოტო]

11 ივლისი, 2015 • 1243
სუპერთასის ბილეთების შესაძენად ერთი დღით ადრე გულშემატკივრები რიგში დგანან [ფოტო]

გულშემატკივრბმა 50-მდე ჯგუფი შექმნეს. თითო ჯგუფში 50 ადამიანია ჩაწერილი. ისინი ხვალ დილიდან საკუთარი ინიციატივით გაკეთებული ჟურნალის მიხედვით აპირებენ ბილეთების შეძენას. გუკშემატკივართა ნაწილი ბილეთების შესაძენად ვაკის პარკში აპირებს ღამის გათენებას. რამდენიმე გულშემატკივარი ადგილზე კარვით და შესაბამისი აღჭურვილობით არის მისული.

ერთ-ერთი ჯგუფის ”ლიდერის”, გიორგი თავზარაშვილის თქმით, ამ ინიციატივის შესახებნ ინფორმაცია ინტერნეტში გუშინ გავრცელდა. მისი თქმით, გულშემატკივრები გუშინ ღამიდან უკვე იკრიბებოდნენ ვაკის პარკის ტერიტორიაზე და ეწერებოდნენ რიგში.

”მართალია, ჩვენი ფედერაციის დირექტორმა თქვა, რომ ყურადღება არ მიაქციოთო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ხალხი ძალიან დიდი რაოდენობით არის უკვე მოსული. ცდა ბედის მონახევრეა, იმიტომ, რომ ძალიან კანონზომიერად მიმდინარეობს ყველაფერი. ორგანიზატორები და ყველა ვცდილობთ, რომ კანონიერად მოხდეს ბილეთების გაყიდვა და ა.შ. რიგები ივსება კანონიერად, არანაირი დარღვევა არ არის – ლამაზად, წყნარად, მშვიდად მიმდინარეობს რიგში ჩაწერა. შემდეგ, როგორც ცნობილია, ხვალ დილის 9 საათიდან ფედერაციას გადავცემთ ამ რიგების სიას და იმედია, რომ დაგვიკმაყოფილებენ.”

თავზარაშვილი ამბობს, რომ საკუთარი ინიციატივით სიების შედგენით გულშემატკივრები ცდილობენ, არ მოხდეს ბილეთების გადაყიდვა: ”ფედერაციას ვენდობით, მაგრამ საკუთარ თავს უფრო მეტად ვენდობით.”

ვაკის პარკში ასევე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივას აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ თვითნებურად რიგების გაკეთება არასამართლიანია, რადგან რეგიონებიდან გულშემატკივრები ვერ მოასწრებენ ჩამოსვლას.

ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელიც მოქალაქეების მიერ საკუთარი ინიციატივით სიების შექმნას ეწინააღმდეგება, თორნიკე სინაურიძეა. მისი თქმით, ფედერაციასაც არ უნდა ეხებოდეს ბილეთების რეალიზება და ამ საკითხს თვითონ UEFA უნდა აგვარებდეს.

”ასე თვითნებურადაც არავინ უნდა წყვეტდეს ბილეთების რეალიზებას. ახლა ამათ ვერავინ დაშლის. არ ჩაწეროთო, რომ უთხრან, ამის უფლება არავის აქვს, მაგრამ როგორც თვითონ უნდათ, ასე არ უნდა მოხდეს ბილეთების გაყიდვა. ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს. ასი წელი არ აქვს აზრი რეგიონებიდან ბილეთების საყიდლად ჩამოსვლას, მაინც ესენი ყიდიან. თბილისში მილიონნახევარი კაცი ცხოვრობს. აქედან 80%-ს ამ თამაშზე მოხვედრა უნდა და მაშინ აზრი არ აქვს აქ ჩამოსვლას. ამათმა თუ ასე წერეს, ესე იგი, ვინც თბილისში ცხოვრობს და ვისაც დარჩენის საშუალება აქვს, მარტო ისინი ჩაეწერებიან ერთი დღით ადრე და შევლენ ბილეთების საყიდლად. მეტი ვერავინ მოხვდება,” – აცხადებს სინაურიძე.

ამ დროისთვის თბილისში, ვაკის პარკსა და მიხეილ მესხის სტადიონის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლები და ფედერაციის სტიურდები ხვალინდელი დღისთვის სპეციალურ ჯებირებს დგამენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით, მათ განცხადებაში მსგავს სიებზე ლაპარაკი არ ყოფილა. მისი განცხადებით, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ბილეთების გაყიდვა ხვალ დილის 9 საათიდან დაიწყება და ეს პროცესი საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება. სიჭინავას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტჟდება სპეციალური მონიტორები. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ რიგი ძალიან სწრაფად წავა და დარჩება 2000 ბილეთი, ამ ბილეთებს ფედერაცია ხვალვე გაყიდის.

”მე პირადად გუშინ მქონდა შეხვედრა გულშემატკივრებთან, სადაც მე ავუხსენი, რომ არასწორია რიგების და სიების შექმნა იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც ჩამოდის რეგიონებიდან, სტუდენტები, რომლებიც გუშინ და დღეს სწავლობენ და დღეს ღამე ჩადგებიან რიგში, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები,” – განაცხადა ზვიად სიჭინავან ჟურნალისტებთან საუბრისას.

GFF–ის განცხადებით, ერთ ადამიანზე გაიყიდება 4 ბილეთი. ბილეთების ფასია: 18, 35 და 75 ლარი. სულ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება.

11 აგვისტოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.

თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.

რიგები სუპერთასის ბილეთების შესაძენად. ვაკის პარკი, თბილისი, საქართველო. 11.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

რიგები სუპერთასის ბილეთების შესაძენად. ვაკის პარკი, თბილისი, საქართველო. 11.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

რიგები სუპერთასის ბილეთების შესაძენად. ვაკის პარკი, თბილისი, საქართველო. 11.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

რიგები სუპერთასის ბილეთების შესაძენად. ვაკის პარკი, თბილისი, საქართველო. 11.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

რიგები სუპერთასის ბილეთების შესაძენად. ვაკის პარკი, თბილისი, საქართველო. 11.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი