თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება ძალაში დღეს შევიდა და მისი განხორციელება 1 იანვრიდან დაიწყება.
თინა ხიდაშელმა თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან პირველი ხელშეკრულება 15 ივნისს გააფორმა.
„მეორე ეტაპი უკვე დავასრულეთ. დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას. ფრანგებმა საოცარი ხარისხის პარტნიორობა, მოწადინება, ნდობა გვაჩვენეს. ასეთი გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, პოლიტიკური ნების გარეშე არ მიიღება, რადგან საქართველოსთან დაკავშირებით არ იყო ისეთი ცალსახა პოზიცია. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არანაირ ემბარგოზე საქართველოსთან მიმართებაში აღარ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ მივაღწიეთ რამდენიმე მიზანს, მათ შორის, თემის დივერსიფიკაცია მოვახდინეთ და ფუნდამენტური საძირკველი მივიღეთ იმისთვის, რომ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ნებისმიერი სხვა ტიპის ამოცანების გადაწყვეტისთვის ველაპარაკოთ. კმაყოფილი ვარ ამ ორი ხელშეკრულების როგორც შინაარსით, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით,“– განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ხელშეკრულება ძალაშ…
Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on Friday, July 10, 2015
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ხიდაშელი ხელშეკრულების დეტალების საკითხებსა და მის გასაჯაროებასთან დაკავშირებით გეგმავს შეხვედრებს მთავარსარდალთან და პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებდა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, გასული წლის ოქტომბერში მას პრემიერ–მინისტრის დავალებით მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ თავდაცვით შეიარაღებაზე მემორანდუმისთვის ხელი არ მოეწერა. ალასანია ამბობს, რომ მან ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა და მემორანდუმს ხელი მოაწერა, რასაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა. ამის შემდეგ, პრემიერმა ალასანია თანამდებობიდან გადააყენა. რის შემდეგაც მინისტრის პოსტი დატოვა კიდევ ორმა “თავისუფალმა დემოკრატმა”, მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა.








