ახალი კორონავირუსი, რომელმაც თავი პირველად წინა წლის დეკემბერში იჩინა, უკვე იმსხვერპლა 900-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა კი- ჩინეთში.
„ნეტგაზეთი“ „როიტერსზე“ დაყრდნობით გთავაზობთ უახლეს მონაცემებს კორონავირუსთან დაკავშირებით. თბილისის დროით 10 თებერვალს, 12 საათის მონაცემებით:
- ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ჩინეთში ვირუსით გარდაიცვალა 908 ადამიანი;
- ჩინეთში დაავადებულთა მთლიანი რაოდენობა 40 171-ს შეადგენს;
- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით პეკინში მიემგზავრება ექსპერტთა ჯგუფი, რათა ეპიდემია გამოიძიოს;
- იოკოჰამას პორტში მდებარე საკრუიზო გემზე კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა;
- ქალაქ ვუჰანში ჰოსპიტალიზირებული ამერიკელი გახდა პირველი არაჩინელი, რომელიც ვირუსით დაიღუპა;
- ვირუსი გავრცელდა მინიმუმ 27 ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე. ინფიცირებულია 330 ადამიანი, კონტინენტალურ ჩინეთს გარეთ დაღუპულია ორი ადამიანი;
- ჩინეთის არაერთი პროვინცია თებერვლის ბოლოსთვის „დაიკეტება“ – შეიზღუდება მოქალაქეების ტერიტორიაზე შევლა-გასვლის უფლება;
- ჩინეთის განცხადებით, ვირუსთან ბრძოლისთვის ამ მომენტისთვის უკვე დაიხარჯა 10 მილიარდ დოლარზე მეტი;
- ჰონგ-კონგში კონტინენტალური ჩინეთიდან ჩასულებისთვის ორკვირიანი კარანტინი დაწესდა. მალაიზიაში გახანგრძლივდა ჩინეთიდან ჩამოსვლის აკრძალვა;
- საფრანგეთმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ გაემგზავრონ ჩინეთში, თუ ამის აუცილებლობა არ არის. იტალიამ ჩინეთიდან დაბრუნებულ ბავშვებს სკოლის ორკვირიანი გაცდენა სთხოვა;
- ტაივანში, სადაც 16 შემთხვევა დაფიქსირდა, საერთაშორისო საკრუიზო გემების შესვლა აიკრძალა.
- ჩინელი ექიმი, რომელმაც პირველმა ატეხა განგაში ვირუსის შესახებ, გარდაიცვალა.
გარეკანის ფოტო: EPA