შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნილია და დაკავებულია ერთი პირი, ხოლო სამი – იდენტიფიცირებული.
1984 წელს დაბადებულ, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევ ზ.ს.-ს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, 7 თებერვალს ბრალდებულმა, 3 თანამზრახველთან ერთად, უკანონოდ შეაღწია თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზია “რედბერში” და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 780 ლარის ღირებულების ვერცხლის სამკაულებს, რის შემდეგაც ოთხივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი სამკაულები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, იდენტიფიცირებული სამივე თანამზრახველის მიმართ, დამატებით მტკიცებულებების მოპოვებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სხვადასხვა სახის საგამოძიებო დასაპროცესო მოქმედებები ტარდება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
თბილისში, პეკინის გამზირზე, საიუვილერო მაღაზია „რედბერი“ 7 თებერვალს, გამთენიისას, 05:12 საათზე გაქურდეს. კომპანია „რედბერის“ გავრცელებულ კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, ჩანს: მაღაზიის პეკინის გამზირის ფილიალის მინებიან შესასვლელს, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი ბიჭები ქვებითა და ჩაქუჩით ამსხვრევენ, შიგნით შედიან, ძვირფასეულობას იღებენ და მალევე გარბიან.