ახალი ამბები

“ჩემს მაგალითზე უნდათ სხვა ახალგაზრდების დაშინებაც” – მარნეულელი აქტივისტი

9 თებერვალი, 2020 •
“ჩემს მაგალითზე უნდათ სხვა ახალგაზრდების დაშინებაც” – მარნეულელი აქტივისტი

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი რაშან ზიადალიევი პოლიციასთან მომხდარ გუშინდელ ინციდენტს დაშინების მცდელობად აფასებს. აქტივისტის თქმით, მის მაგალითზე სხვა ადამიანების დაშინებასაც ცდილობენ, რომლებიც ბოლო პერიოდში მარნეულში გააქტიურდნენ სამოქალაქო უფლებების მიმართულებით.

რაშან ზიადალიევის თქმით, ის თანამშრომლობს 2 არასამთავრობო ორგანიზაციასთან: სამართლიან არჩევნებთან და დემოკრატიულ ინიციატივასთან. ამასთან ის ბოლო არჩევნებში მარნეულში სამართლიანი არჩევნების კოორდინატორად მუშაობს და აქტიურად წერს კრიტიკულ ანგარიშებსა და აღრიცხავს საარჩევნო დარღვევებს. ზიადალიევი ერთ-ერთი ორგანიზატორია რამდენიმე დღის წინ მარნეულის ცენტრში გამართული აქცია-პერფორმანსისა, როცა მუნიციპლაიტეტის ბიუჯეტს “ორმოცი გადაუხადეს”.

“ჩემს მაგალითზე უნდათ სხვა ახალგაზრდების დაშინებაც”, – აცხადებს ზიადალიევი ტვ პირველთან ჩართვაში. “ეს პრობლემა არ არის, მხოლოდ მოტივაციაა, რომ მეტი გავაკეთოთ ქალაქის და ქვეყნის განვითარებისთვის”, – ამბობს აქტივისტი.

“ამ ღონისძიების [“ორმოცის აქციის”] ჩატარებამდეც იყო მუქარები, ახალგაზრდები ხართ, რა იცით რა აღმოჩნდება შენს ჩანთაში ხვალ…”, – აცხადებს ზიადალიევი.

მარნეულში სამოქალაქო აქტივისტი,  “სამართლიანი არჩევნების” რეგიონული წარმომადგენელი  წუხელ დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “ნეტგაზეთს” რაშან ზიადალიევი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს და  1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით  ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

აქტივისტი გაათავისუფლა პოლიციამ, სასამართლო პროცესი კი ორშაბათს გაიმართება.

რადიო “მარნეული” დაკავებულის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციელები მის ფოტოს გადაღებას ცდილობდა, რაშიც შეეწინააღმდეგა და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

რადიოს ადრე გავრცელებული ცნობის თანახმად, რაშან ზიადალიევმა  2019 წლის  5 დეკემბერს, ბიძამისის სახლში ჩატარებულ ჩხრეკა მმართველი პარტიის მიერ მისი დაშინების და ბიძამისის პოლიტიკურ აქტივობაში იძულებით ჩართვის მცდელობად შეაფასა. 

“რაშან ზიადალიევი არის GDI-გუნდის აქტიური წევრი. მისი დაკავება პირდაპირ უკავშირდება მის სამოქალაქო აქტივიზმს. ეს უკვე არის ახალი დონე სამოქალაქო საზოგადოებაზე რეპრესიების გაცხადების”, – აცხადებს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) წარმომადგენელი ედუარდ მარიკაშვილი.

ზიადალიევი ცოტა ხნის წინ მონაწილეობდა მარნეულის ცენტრში გამართულ აქცია-პერფორმანსში, როცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს “ორმოცი გადაუხადეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი