ახალი ამბები

აქცია მარნეულში აქტივისტის დაკავების გამო

9 თებერვალი, 2020 • 1182
აქცია მარნეულში აქტივისტის დაკავების გამო

“არ გაჩუმდე – შემდეგი შეიძლება იყო შენ” – ამ ლოზუნგით დღეს მარნეულის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა.

რადიო მარნეულის “ინფორმაციით”, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის რაშან ზიადალიევის გუშინდელი დაკავება და მას სოლიდარობა გამოუცხადეს.

მარნეულში სამოქალაქო აქტივისტი,  “სამართლიანი არჩევნების” რეგიონული წარმომადგენელი  წუხელ დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “ნეტგაზეთს” რაშან ზიადალიევი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს და  1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით  ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

აქტივისტი გაათავისუფლა პოლიციამ, სასამართლო პროცესი კი ორშაბათს გაიმართება.

რადიო “მარნეული” დაკავებულის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციელები მის ფოტოს გადაღებას ცდილობდა, რაშიც შეეწინააღმდეგა და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

რადიოს ადრე გავრცელებული ცნობის თანახმად, რაშან ზიადალიევმა  2019 წლის  5 დეკემბერს, ბიძამისის სახლში ჩატარებულ ჩხრეკა მმართველი პარტიის მიერ მისი დაშინების და ბიძამისის პოლიტიკურ აქტივობაში იძულებით ჩართვის მცდელობად შეაფასა. 

“რაშან ზიადალიევი არის GDI-გუნდის აქტიური წევრი. მისი დაკავება პირდაპირ უკავშირდება მის სამოქალაქო აქტივიზმს. ეს უკვე არის ახალი დონე სამოქალაქო საზოგადოებაზე რეპრესიების გაცხადების”, – აცხადებს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) წარმომადგენელი ედუარდ მარიკაშვილი.

ზიადალიევი ცოტა ხნის წინ მონაწილეობდა მარნეულის ცენტრში გამართულ აქცია-პერფორმანსში, როცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს “ორმოცი გადაუხადეს”.

მარნეულში ბიუჯეტს “ორმოცი” გადაუხადეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი