მარნეულის მერიის შენობასთან აქტივისტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს “ორმოცს” უხდიან. აქტივისტებს ადგილზე ჰალვა აქვთ მიტანილი და ამბობენ, რომ 26 დეკემბერს, როცა საკრებულომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცა, ბიუჯეტი “გარდაიცვალა”.
როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა “რადიო მარნეულს” უთხრა, ბიუჯეტი ისე დაამტკიცეს, რომ განხილვის პროცესს მხოლოდ ხელიუსფლების მხარდამჭერები ესწრებოდნენ:
“დაახლოებით სექტემბრიდან უკვე დაიწყო მარნეულის თვითმმართველობის მოსახლეობასთან “შეხვედრები” 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მარნეულის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების შეხვედრები სოფლებში ფორმალური იყო. სოფლის აქტივისტებს ამ შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ვინც აკრიტიკებდა თვითმმართველობას, მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში, ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა. 26 დეკემბერს მარნეულის თვითმმართველობის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც 35 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა ამ სხდომაზე საკრებულოს წევრების ნახევარი არ მონაწილეობდა. მთელი ამ პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ 26 დეკემბერს ჩვენი ბიუჯეტი გარდაიცვალა.. ახლა უკვე 40 დღე გავიდა და შევიკრიბეთ მარნეულის თვითმმართველობის ბიუჯეტის ორმოცზე”, – აცხადებს პერფორმანსის ერთ-ერთი მონაწილე რადიო “მარნეულთან”.