ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხიდაშელი: “სამხრეთ ოსეთი” ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზაა

9 ივლისი, 2015 •
ხიდაშელი: “სამხრეთ ოსეთი” ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზაა

“რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალები არ ჭირდება „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, იმიტომ, რომ მათ უკვე ჰყავთ საკმარისი რუსული ძალები. სამხრეთ ოსეთი აღარ არსებობს ისეთი, როგორიც ის ოდესმე ყოფილა,  ეს არის ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც ემსახურება ყველა სხვა დანარჩენი, რომელიც იქ ცხოვრობს.  შესაძლოა ვიღაც კმაყოფილია იმიტომ, რომ ემსახურება რუსულ სამხედრო ბაზას, მაგრამ სინამდვილეში მოსახლეობა კმაყოფილია თუ არა იმ მდგომარეობით, რომელშიც ისინი არიან, ეს ყველაზე კარგად  ჩვენ დავინახეთ მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთში იყო ძალიან სერიოზული გამოსვლები, პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში, და სამოქალაქო წინააღმდეგობა იმ ცნობილი „ხელშეკრულების“ გაფორმების  დროს, რაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის დაიდო.  […]  ეს წინააღმდეგობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი ცუდი ამბები არ მოხდეს, მაგრამ ეს წინააღმდეგობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გვჯეროდეს, რომ მოსახლეობის დაბრუნება იქ შესაძლებელია“,  – განაცხადა თინა ხიდაშელმა 9 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას.


„როიტერმა“  8 ივლისს გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს:


“სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთის ფედერაციასთან ძალიან სერიოზული “თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების“დადების შესახებ, რომელის მთავარი ნაწილიც ერთიანი თავდაცვითი სივრცის შექმნაა“, – ამბობს თიბილოვი. 


რუსეთმა 2014 წლის ნოემბერში აფხაზეთთან, ხოლო 2015 წლის მარტში ცხინვალთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება გააფორმა. აღნიშნული შეთანხმება რუსეთის ფედერაციამ და სამხრეთ ოსეთმა 25 წლის ვადით გააფორმეს. შეთანხმების პროექტის ერთ-ერთი მთავარი მუხლი რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გაუქმებას ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის საბაჟო სტრუქტურების ჩართვას რუსეთის ფედერაციის საბაჟო სისტემაში და სამხრეთ ოსეთის საბაჟო კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. შეთანხმების პროექტის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურებიც მარტივდება.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის  მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში    გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი