ახალი ამბები

ჩიორა თაქთაქიშვილი ენმ-ს ტოვებს

7 თებერვალი, 2020 •
ჩიორა თაქთაქიშვილი ენმ-ს ტოვებს

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ტოვებს. ის პარტიის მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ პარტია ზაზა ბიბილაშვილმა, მარიამ გერსამიამ და ნინო კალადაძემაც დატოვეს. მათ მსგავსად ჩიორა თაქთაქიშვილი ბოლო დროს აქტიურ პოლიტიკაში ჩართული არ იყო, თუმცა ის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია.

როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, ის ამჟამად საქართველოში იმყოფება, მანამდე, ერთი წლით, აშშ-ში იყო ფულბრაითის პროგრამით.

ჩიორა თაქთაქიშვილის მიმართვა:

ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას.

წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს.

დღეს საერთოდ არ არის აქტუალური ჩემი განცხადება, რადგან რეალურად არც არაფერი იცვლება. ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დიდი ხანია, იცის ჩემი პასიურობის მიზეზები. დიდი ბოდიში ყველას, ვინც პირადად არ მინახავს ბოლო ხანებში და ვისაც გაგიკვირდებათ, ან გეწყინებათ ამ ამბის გაგება.

მაგრამ ვალდებული ვარ, თქვენ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ და საშუალება მომეცით თქვენი წარმომადგენელი ვყოფილიყავი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და პარლამენტში, ანგარიში ჩაგაბაროთ.

ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თქვენთან ერთად გატარებული წლებით, საერთო ბრძოლით, საქმით, დისკუსიებით, კამათით, თუნდაც ზოგჯერ, მცირე ან მნიშვნელოვან დეტალებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. მჯერა, რომ გესმით და გრძნობთ, ეს უბრალო სიტყვები არაა!

ვფიქრობ, ორი საპარლამენტო მანდატი საკმარისზე მეტია ერთი ადამიანისთვის, რომ დასკვნები გამოიტანოს და ერთსა და იგივე წრეზე არ იტრიალოს. ეს ანგარიში არ არის პასუხი კითხვაზე, რატომ წავედი ნაციონალური მოძრაობიდან. ეს უფრო იმის მცდელობაა, რომ გითხრათ, რატომ ვერ შევძელი თქვენი იმედების გამართლება.

ძალიან მიხარია, რომ ამ ხნის განმავლობაში პატარა წვლილი შევიტანე იმაში, რომ თავი არ დავუხარეთ რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ. არაერთ საერთაშორისო ფორუმზე, ჩემს კოლეგებთან ერთად, წარმატებით გავუმკლავდით რუსეთის უპრეცედენტო მობილიზაციას. ძალიან ვამაყობ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირველ წლებში, როგორც რიგითმა საჯარო მოსამსახურემ, ჩემი თვალით ვნახე, რა არის სახელმწიფოს შენება, როგორ შეუძლიათ გულანთებულ, განათლებულ, პატიოსან ადამიანებს ერთად მუშაობა 24/7-ზე რეჟიმით იმისთვის, რომ საქართველოს სახელი მსოფლიოს გააცნონ არა, როგორც ყველაზე კორუმპირებული ან კრიმინალური ქვეყანა, არამედ, როგორც N1 რეფორმატორი. იმითაც ძალიან ვამაყობ, რომ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის და ბედუკაძის კადრებით გამოწვეული ისტერიის ფონზე, უამრავი შეურაცხყოფის, ძალადობის და ორკესტრირებული სიძულვილის კამპანიის მიუხედავად, თქვენთან ერთად, ხმას ვიმაღლებდი, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დადგმული ტყუილი და სიმართლე ერთმანეთისგან გაგვერჩია. გვეყო გამბედაობა, რომ იმხანად პოპულარული მწვანილის რუსეთში გატანის და რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკის საპირწონედ, ღიად გვემხილებინა ბიძინა ივანიშვილის პრორუსული და კრიმინალური მმართველობა საქართველოშიც და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთანაც.

რა მაწუხებს?

პირველ რიგში მაწუხებს ის, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არც ისე ბევრი თანამოაზრე დამრჩა.

რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებში არაფერი შეცვლილა. ახლაც მგონია, რომ ვარდების რევოლუციის და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მონაპოვარი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ივანიშვილის ძველი თუ „ბოლო ჟამის“ მიმდევრები, ამ რეალობას მაინც ვერაფერს დააკლებენ.

საშინლად მტკივნეულია, როდესაც ჩემივე პარტიაში ნორმად იქცა ხშირი კომპრომისი იდეალებისა და ღირებულებების ხარჯზე, რაც აისახება საკადრო პოლიტიკაშიც. ვითრგუნები, როცა პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ქსენოფობიურ განცხადებებს და პარტიის არცერთი ლიდერი არ აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას. მიუღებელია, როდესაც მოკლული, ნაცემი ან შეურაცხყოფილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრის მაგივრად, ჩემი კოლეგები ამჯობინებენ საპატრიარქოს უმტკიცონ ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, სწორედ საპატრიარქო ავრცელებდა რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას.

მაწუხებს ისიც, რომ ბოლო 30 წელია, ერთი და იგივე ადამიანებს ვხედავ ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც ჩვენ, ყველას თავს გვახვევენ თამაშის თავიანთ წესებს. წესებს, რომლის მიხედვითაც დასაშვებია, დღეს ერთი პოზიცია გქონდეს, ხვალ სხვა, დღეს ერთ პარტიაში იყო, ხვალ სხვაში, დღეს ერთი ძლიერი მოთამაშისგან ნახო სარგებელი, ხვალ სხვისგან, ოღონდ საპარლამენტო სავარძელი ან სხვა პრივილეგია არ დათმო.

ჩემი დაკვირვებით, ეს თავისთავადი მოცემულობა არაა. დღეს ეს არის არსებული მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკვეთა – შეინარჩუნონ სტატუს კვო, რომ პარტიულ საქმიანობაში გაცილებით უფრო ნაკლებ ახალ და პერსპექტიულ ადამიანს მოუნდეს მისვლა, რადგან მათში კონკურენტებს ხედავენ.

მე კი მგონია, რომ გაცილებით უკეთესია, თუკი, პირობითად, ჩემს მაგივრად, უფრო მეტ ახალ, განათლებულ, კეთილსინდისიერ ადამიანს შეეძლება ახალი, უფრო თანამედროვე და განსხვავებული ხედვა შემოიტანონ, ახალი სტანდარტები დაამკვიდრონ ქართულ პოლიტიკაში და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. ჩემი მხრივ, ძალიან დიდი ძალისხმევა დავხარჯე თქვენთან ერთად იმაზე, რომ პარტია უფრო გამჭვირვალე და შიდა სამართლიან კონკურენციაზე გამხდარიყო ორიენტირებული, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

სად არის გამოსავალი?

2020 წელს მთავარია ივანიშვილის კორუმპირებული და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. თუ ეს 2020 წელს არ მოხდება, თითოეულ ჩვენგანს უმძიმესი ფასის გადახდა მოუწევს ამ მარცხისთვის. ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო დებატის გახსნა: რატომ ვართ არსებული პოლიტიკური სპექტრის მძევლები? რა არის იმის გარანტია, რომ ივანიშვილი ან ვინმე სხვა ხვალაც არ მოისყიდის ჩვენს რჩეულ პარტიებს და მათ ლიდერებს? რა არის იმის გარანტია, რომ სხვაც ივანიშვილივით აბუჩად არ აიგდებს თავის ამომრჩეველს, მე როდის დაგპირდით საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნასო? რა არის იმის გარანტია, რომ თქვენ მიერ არჩეული პარტიები და ცალკეული ლიდერები ისევ ისე არ მოიპარავენ თქვენი ბრძოლით მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებს, როგორც ეს ევროპული საქართველოს ლიდერებმა გაუკეთეს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს 2016 წელს?

სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ შიდა დემოკრატიაზე, მერიტოკრატიაზე და, რაც მთავარია, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, მათი კრიტიკის მოსმენაზე, როგორ შეიძლება არსებული პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს? ამ ნიადაგზე წარმოიშვა უთანხმოება 3 წლის წინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის, რაც თავისთავად დიდი გარდატეხის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ არცერთი პარტიის მართვაში. ყრილობები, დაპირებები, ფორმალური არჩევნები, სიები წინასწარ ცნობილი შედეგებით.

ბევრს მიაჩნია, რომ ამაზე საუბარი ადრეა, რომ ამის დრო არ არის, როცა ივანიშვილის რეჟიმია დასამარცხებელი, აქ აქციაა დასაორგანიზებელი, იქ – კოორდინატორები შესარჩევი. მე კი მგონია, რომ ივანიშვილის ბოროტ, რუსული, კრიმინალური წესებით მართულ რეჟიმთან ბრძოლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იმაზეც გადის, რომ ივანიშვილის უვიცი და კლეპტოკრატი გუნდის ალტერნატივად ახალი, ღია, დემოკრატიული ტიპის პარტიები არსებობდნენ, რომლებიც საზოგადოების რომელიღაც ნაწილის ინტერესის გამტარებლები არიან.

დემოკრატიული და ღია პარტიები არის ევროპული კურსის გრძელვადიანი შენარჩუნების ყველაზე სანდო გარანტია, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ჩვენი მოსახლეობის 80%-ის მიერ მხარდაჭერილი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის წარმატებით გატარება საკანონმდებლო ორგანოში. არადემოკრატიული ან ფორმალურად შექმნილი პარტიებით დაკომპლექტებული პარლამენტი პროპორციული არჩევნების პირობებშიც კი ვერ ასახავს მოსახლეობის 80%-იან მხარდაჭერას დასავლური კურსისადმი.

ალბათ იფიქრებთ, ამას თავი შვეიცარიაში ხომ არ ჰგონიაო. შვეიცარიაში არა, მაგრამ საქართველოში ნანახი მაქვს, რომ თუკი კეთილსინდისიერი და გონიერი თანამოაზრეები ამას ძალიან მოინდომებენ, ისეთი უტოპიური იდეების განხორციელებაც შესაძლებელია, როგორიც ქურდული სამყაროს გაქრობა და მისაღებ გამოცდებზე კორუფციის დამარცხება იყო თავის დროზე.

უბრალოდ, დღეს ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობაში არ არის კონსენსუსი ამ საკითხზე და არც სამოქალაქო საზოგადოების დღის წესრიგშია ეს პრობლემა გამოკვეთილი. არადა, ეს ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობაა დღეს ჩვენთვის, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს და პროკურატურის არსებობა. ვფიქრობ, ამის გამოა, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, ივანიშვილი კი ძალაუფლებას ინარჩუნებს.

მგონია, რომ სანამ ეს რეალობა არ შეიცვლება, ივანიშვილის კორუმპირებული და დანაშაულით შეკავშირებული რეჟიმი ადვილად მოერევა აქტიური მოქალაქეების გულწყრფელ და უანგარო პროტესტს! ცვლილება კი დიაგნოზის დასმით და სწორი მკურნალობით იწყება და არა ტკივილის გაყუჩებით ან მოთმენით, ერთი არჩევნებიდან მეორემდე.

შიდაპარტიული დისკუსიის გახსნა და მტკივნეული დიაგნოზის დასმა – ეს არის ის, რისი გაკეთებაც მე დღემდე შევძელი. ამაზე მეტი, სამწუხაროდ, არ გამომივიდა.

მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მგულშემატკივრობდა ნაციონალური მოძრაობის შიდაპარტიულ განხილვებში.

საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი კეთილსინდისიერი და ძლიერი ლიდერი გამოჩნდება სამოქალაქო საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში, ვინც პარტიების შიდადემოკრატიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტის დამკვიდებას თავის ღია პოლიტიკურ ამოცანად დაისახავს და წარმატებასაც მიაღწევს!

მასალების გადაბეჭდვის წესი