ახალი ამბები

კობი-ქვეშეთის გზისთვის 1 კვ.მ მიწაში 5.6 ლარი 58 მესაკუთრეს შევთავაზეთ – გზების დეპარტამენტი

7 თებერვალი, 2020 • 2873
კობი-ქვეშეთის გზისთვის 1 კვ.მ მიწაში 5.6 ლარი 58 მესაკუთრეს შევთავაზეთ – გზების დეპარტამენტი

[მასალა და სათაური დაზუსტების მიზნით განახლდა]

„ნეტგაზეთმა“ საავტომობილო გზების  დეპარტამენტისგან თითქმის ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ მიიღო პასუხები რუსეთისკენ მიმავალი ჩრილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, კობი-ქვეშეთის გზის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით.

„ნეტგაზეთმა“ 2019 წლის ოქტომბერში მოამზადა სტატია, სადაც საუბარია იმ უკმაყოფილებასა და შიშებზე, რაც ხადის ხეობის მცხოვრებთა ნაწილს აქვს ამ პროექტთან დაკავშირებით.

უწყებას კითხვები 10 ოქტომბერს გადავუგზავნეთ და პასუხი განცხადების სახით, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი აწერს ხელს, 2020 წლის 7 თებერვალს მივიღეთ.

[გაეცანით სტატიას: ₾5.6 მიწაში, რომელსაც არ ყიდიან და გარემო საფრთხეში — კობი-ქვეშეთის გზა]

რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ სახელმწიფო მათ ერთი კვადრატული მეტრი მიწის სანაცვლოდ მხოლოდ 5.6 ლარს სთავაზობდა.

ეს ინფორმაცია 7 თებერვალს გამოგზავნილ წერილში გზების დეპარტამენტმა დაადასტურა და გვაცნობა, რომ ეს თანხა 58 მესაკუთრეს შესთავაზეს. გზების დეპარტამენტის განმარტებით:

„ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთი დაყოფილია I და II ლოტად. გამოსასყიდი მიწის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის უძრავი ქონების დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ გამოყენებულ იქნა საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული საბაზისო მიდგომები – გაყიდვების შედარების და შემოსავლების მეთოდი“.

კობი-ქვეშეთის გზის პროექტის განლაგების სქემას, სადაც ჩანს, როგორ არის გადანაწილებული გზის პირველი და მეორე ლოტები. წყარო: გზების დეპარტამენტი

უწყების ცნობით, ლოტი 1-ზე სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ღირებულებამ 1კვ.მ-ზე 5.6 ლარი, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე 8.4 ლარი შეადგინა.

„ლოტი 2-ზე, ღირებულების განსაზღვრის მიზნით, მიწის ნაკვეთების დაყოფა განხორციელდა ოთხ ტიპად:

  1. მიწის ნაკვეთები, განთავსებული მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს და გააჩნიათ ფრონტაჟი თბილისი-გუდაური-სტაფანწმინდის საავტომობილო მაგისტრალის მიმართ (1კვ.მ-ს ღირებულება 65 ლარი);
  2. დანარჩენი მიწის ნაკვეთები განთავსებული მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს (1კვ.მ-ს ღირებულება 40 ლარი);
  3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულიების მიწის ნაკვეთები განთავსებული მდინარე არაგვის მარცხენა ზოლში სოფელ ზაქათკარის ადმინისტრაციულ საზღვრებში (1კვ.მ-ს ღირებულება 6.8 ლარი);
  4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები განთავსებული მდინარე არაგვის მარცხენა ზოლში (1კვ.მ-ს ღირებულება 5.6 ლარი, რომელიც შეთავაზებულია 58 მესაკუთრისთვის)“;

გარდა ამისა, როგორც „ნეტგაზეთს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აცნობა, პროექტში განსაზღრულია როგორც მიწაზე არსებული სხვა უძრავი ქონებების (შენობა-ნაგებობები, მრავალწლიანი ნარგავები, ღობე და ჭიშკარი, ეზოს კეთილმოწყობა, ერთწლიანი კულტურები და სხვა), ასევე, ადგილმონაცვლეობისა და საცხოვრებელი პირობების აღდგენის კომპენსაციები. პასუხში არ არის დაზუსტებული, რა ფასად აანაზღაურებენ ამ ყველაფერს.

ამასთან, უწყების პასუხში, თხოვნის მიუხედავად,  არ არის დაზუსტებული, გარდა 58 მესაკუთრისთვის შეთავაზებული 5.6 ლარისა, უშუალოდ რამდენ ადამიანს/ოჯახს სთავაზობენ ზემოთ ჩამოთვლილ თანხებს.

ჩვენ მათ ასევე ვკითხეთ, თუ რას მოიმოქმედებს სახელმწიფო, თუკი მოსახლეობამ უარი თქვა მიწის ნებისმიერ ფასად დათმობაზე, რაზეც ისინი უკვე საუბრობდნენ, და მიმართავს თუ არა ექსპროპრიაცას, რაზეც გვიპასუხეს:

„დღეის მდგომარეობით, დეპარტამენტი, განსახლების პროცედურების დროულად დასრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებას“.


გზების დეპარტამენტი ასევე ადასტურებს, რომ „უახლოეს მომავალში ხადის ხეობაში არსებული ადგილობრივი გზის რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ არ იგეგმება“.

რისკები რეაბილიტაციისას და მშენებელი კომპანია

გარემოს დამცველები საუბრობდნენ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე ხადის ხეობაში — IX-XI საუკუნეების დროინდელი ძეგლებზე: ძველ ქვა-ჯვრები, ეკლესიებზე, სალოცავებზე, შესაძლოა, ჯერაც აღმოუჩენელ არტეფაქტებსა და სხვადასხვა დროის საფლავებზე, რასაც სამშენებლო სამუშაოები საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს. ამასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ:

„ბურღვა-აფეთქებით სამუშაოების სპეციფიკაცია და მეთოდოლოგია გაწერილია საპროექტო დოკუმენტაციაში, რის მიხედვითაც მშენებლობის პროცესით წერილში ხსენებულ ობიექტებს ზიანი არ მიადგებათ“.

ამასთან, კითხვაზე გზისა და ხიდ-გვირაბების მშენებელ კომპანიაზე, — ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფზე, რომლის მიმართაც კითხვები არსებობს და რომელსაც მსოფლიო ბანკმა შარშან სანქციები დაუწესა, გზების დეპარტამენტიდან გვიპასუხეს:

„ქვეშეთი-კობის (ლოტი-2) სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის სატენდერო პროცედურების შესაბამისად და ჩინეთის 23-ე ბიუროს ჯგუფი აკმაყოფილებს სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“.

ლაკათხევის განხილვა „საფუძველს მოკლებულია“

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, მოიაზრებს თუ არა სახელმწიფო ხადის ხეობაში გზის გაყვანის ალტერნატივად გვერდით ხეობას, ლაკათხევს (სადაც ადგილობრივების წინააღმდეგობა ნულის ტოლი თუ არა, გაცილებით ნაკლები მაინც შეიძლება იყოს და სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმცირეა ხადის ხეობასთან შედარებით), უწყებიდან ასეთი პასუხი გასცეს:

„გეოლოგიური პირობების, ბუნებრივი კატასტროფების, ოროგრაფიის, საგზაო მიმართულების პარამეტრების, გუდაურის კურორტთან და არსებულ სოფლებთან დაკავშირების და ჩატარებული ყოვლისმომცველი ტექნიკური და სოციალური გარემოსდაცვითი შეფასებების გათვალისწინებით, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და დასაბუთებას ლაქათკარის ხეობის განხილვა, როგორც უკეთესი მიმართულება“.


ხადის ხეობა. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ადგილობრივები ასევე ჩიოდნენ, რომ ვერ ირეგისტრირებდნენ ტრადიციულ საკუთრებაში არსებულ მიწას, რომელიც მაგისტრალის ამ პროექტისთვის არის საჭირო და მას „სახელმწიფოს მიერ მიტაცებულ მიწას“ უწოდებდნენ. ამ საკითხზე გზების დეპარტამენტი ასეთ განმარტებას აკეთებს:

„განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების დადგენისა და შესაბამისი საკომპენსაციო ღირებულებების განსაზღვრისათვის დამუშავდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მომზადდა გზის განთავსების ზოლში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე წინასწარ ჩატარებული ინდივიდუალური აღწერა–ინვენტარიზაციების შედეგად. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას ასევე იღებდნენ დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, აღწერა–ინვენტარიზაციების შედეგად იდენტიფიცირებული კერძო საკუთრებაში არსებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ან/და დაურეგისტრირებელი, მაგრამ რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების გარდა, პროექტით გათვალისწინებული გზის განთვისების ზოლში მოქცეული არის ისეთი ტერიტორიები, რომლებიც არ იქნა იდენტიფიცირებული კერძო საკუთრების უფლების ობიექტებად, ასეთ ტერიტორიებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დეპარტამენტმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც განახორციელა მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თუმცა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ გამორიცხავს აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესაძლებლობას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრების უფლების დადასტურების შემთხვევაში“.

ამ თემაზე გირჩევთ:

₾5.6 მიწაში, რომელსაც არ ყიდიან და გარემო საფრთხეში — კობი-ქვეშეთის გზა

გზა რუსეთისკენ საფრთხეა ჩემი სახლისთვის – გიორგი როსტიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი