პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო აშშ-თვის რეგიონში მოკავშირედ რჩება და ამას მომავალში არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თალაკვაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
რაც შეეხება კონგრესის წევრების კითხვებს, თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს მიმართ არსებულ ინტერესზე მიუთითებს.
„ძალიან დატვირთული დღე იყო შეხვედრებით. ჩვენ შევხვდით კონგრესის და სენატის წევრებს და, პირველ რიგში, სასიხარულო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე საიმედო პარტნიორი და მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში და, რა თქმა უნდა, ამას მომავალშიც არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
კითხვები, რაც ჰქონდათ კონგრესის წევრებს და რაც იყო წერილებში გამოხატული, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი და არის მოლოდინები, როგორც იმ ქვეყნის მიმართ, ვისაც აქვს ყოველწლიურად ხელშესახები პროგრესი უსაფრთხოების, დემოკრატიის და სხვა მნიშველოვან სფეროებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.