ახალი ამბები

„უგონოდ ვიპოვეთ“ – ავთო წერეთელი კლინიკაში გადაიყვანეს

6 თებერვალი, 2020 • 3958
„უგონოდ ვიპოვეთ“ – ავთო წერეთელი კლინიკაში გადაიყვანეს

ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატოს წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი კლინიკაში გადაიყვანეს.

[განახლება: კლინიკის ცნობით, ავთო წერეთლის მდგომარეობა სტაბილურია]

ვატო წერეთლის განცხადებით, მამა აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვა და სასწრაფო გამოიძახა.

ავთო წერეთელი კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი.

„დიაგნოზი არ ვიცით, რამდენიმე წუთის წინ გადმოვიყვანეთ“, – ამბობს ვატო წერეთელი ტვ პირველის ეთერში.

შვილის ცნობით, ავთო წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს; იგი აცხადებს, რომ მამის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

წერეთლისთვის პროკურატურას ბრალი წაყენებული აქვს საქმეზე, რასაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ედავებიან – 2008 წელს ფულის გათეთრების საქმეზე.

„დღეს რომ მოვიდა, მითხრა, უეჭველი მიჭერენო, შემდეგ ამბობდა, ცივი ოფლი მასხამსო, შაქარი გაიზომა და აბაზანაში გავიდა, რამდენიმე წუთში შევედი და უგონოდ იყო”, – ამბობს ვატო წერეთელი.

„70 წლის ადამიანს, რომელსაც 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული, სტენტირებები უდევს გულში და დღეში ინსულინის 4 ნემსს უკეთებენ, ყოველდღე საათობით ატარებენ სასამართლოში“, – თქვა ვატო წერეთელმა.

განახლება:

სავარაუდოდ, სტრესის შედეგია, ახლა სტაბილურადაა – კლინიკა წერეთელზე

მასალების გადაბეჭდვის წესი