ახალი ამბებისაზოგადოება

კორონავირუსი, რუსეთის პროპაგანდა და ლუგარის ლაბორატორია

7 თებერვალი, 2020 • 12237
კორონავირუსი, რუსეთის პროპაგანდა და ლუგარის ლაბორატორია

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში გასულ წლებში არაერთხელ გამხდარა რუსეთის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის მსხვერპლი. დღეს, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ამ ლაბორატორიის დახმარებით საქართველოს დამოუკიდებლად, მყისიერად შეუძლია კორონავირუსის დადგენა.

კორონავირუსი და ლუგარის ლაბორატორია

საქართველო 4 დღის განმავლობაში ელოდა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამიდან თავისი ორი მოქალაქის ანალიზების პასუხებს კორონავირუსზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტირებისთვის მასალები ნიდერლანდებში 31 იანვარს გააგზავნა. 4 თებერვალს დილით, როდესაც ნიდერლანდებიდან პასუხი  ჩამოვიდა, საქართველოს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, კორონავირუსი ადგილზე დაედგინა.

ახალი კორონავირუსის დადგენა 4 თებერვლიდან შესაძლებელია ლუგარის ლაბორატორიაში. მანამდე ლაბორატორიას გააჩნდა დიაგნოსტირებისთვის საჭირო აპარატურა, თუმცა არ ჰქონდა რეაქტივი (ქიმიური ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ლაბორატორიებში სხვადასხვა სახის სამუშაოებისათვის, მაგალითად, სამედიცინო ანალიზისთვის). შესაბამისად, პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში ჯერ რამდენიმე ათეულ ვირუსზე იკვლევდნენ, ხოლო თუ არცერთი დადასტურდებოდა, საზღვარგარეთ ისეთ ლაბორატორიაში გზავნიდნენ, სადაც ახალი კორონავიურუსის დიაგნოსტირება იყო შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) ახალი კორონავირუსის რეაქტივი გერმანიის ბუნდესვერის ინსტიტუტისგან და მიუნჰენში საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით მიიღო. შედეგად, კორონავირუსის დიაგნოსტირების ვადები რამდენიმე დღიდან რამდენიმე საათამდე შემცირდა.

“აქამდე ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირების შესაძლებლობა მხოლოდ დიდ განვითარებულ ქვეყნებს ჰქონდათ. თავდაპირველად ევროპაში მხოლოდ ორი ლაბორატორია იყო, სადაც ახალი კორონავირუსის დადგენა იყო შესაძლებელი: გერმანიაში და ნიდერლანდებში. ლუგარის ლაბორატორიაში ყველა საჭირო თანამედროვე აპარატურა გვაქვს, შესაბამისად, მხოლოდ რეაქტივი გვაკლდა. აქამდე 5 კორონავირუსის დადგენა შეგვეძლო, ახლა უკვე შეგვეძლება, ახალი კორონავირუსიც დავადგინოთ. ქვეყნები რიგში დგანან იმისთვის, რომ რეაქტივები მიიღონ. ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა რიგის გარეშე მოგვაწოდეს, რისთვისაც მინდა, მათ და საქართველოს საკონსულოს მიუნჰენში მადლობა გადავუხადო”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” NCDC-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, ადრეულ დიაგნოსტირებას აღნიშნული ვირუსული დაავადების მკურნალობისთვის – არა, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეპიდემოოლოგიური თვალსაზრისით.

“წარმოიდგინეთ, თუ ვირუსი დასტურდება, ადამიანი უნდა იყოს იზოლაციაში, რომ მისგან არ მოხდეს ამ ინფექციის გავრცელება. ამიტომ ვირუსის შეკავების ფაზაზე ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, დროულად იცოდე, რასთან გვაქვს საქმე, რომ ერთი მხრივ, ადამიანები ტყუილად არ იყვნენ იზოლირებულნი და მეორე მხრივ, თუ საფრთხეა, ყველაფერი გაკეთდეს საჭიროებისამებრ”, – აცხადებს იმნაძე.

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც კორონავირუსის დადგენა შესაძლებელია. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით ვირუსის დადგენის საჭირო აპარატურა აზერბაიჯანსა და სომხეთში, აშშ-ის დახმარებით მოწყობილ ლაბორატორიებსაც გააჩნიათ. თბილისმა მათ შესთავაზა, რომ საჭიროების შემთხვევაში რეაქტივის მიწოდებით დაეხმარება. ამასთან, უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გეგმავს, ქვეყნები მოამარაგოს.

ლუგარის ლაბორატორიის აღმოჩენები

ადამიანებსა და ცხოველებში საშიში დაავადებების გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირების სასიცოცხლო მნიშვნელობა კორონავირუსის საფრთხემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ამან ხაზი გაუსვა ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობსაც, რომელიც მანამდე ძირითადად კრემლის პროპაგანდისტული კონსპირაციების ჭრილში ხვდებოდა ყურადღების ცენტრში.

“მთელი ჩვენი საქმიანობა ესაა – საქართველოს ღამურებიც შესწავლილი გვაქვს, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ღამურები კორონავირუსების მატარებლები არიან. ეს კვლევები წლებია მიმდინარეობს, ჯერ კიდევ ახალი კორონავირუსის გამოვლენამდე. მსოფლიოში პირველად ღამურებში ჩვენ ვიპოვეთ ბრუცელოზის გამომწვევი. ღამურების გარდა, მაგალითად, დავდევთ მღრნელებს ისეთ დაუსახლებელ ადგილებში, სადაც ადამიანი შეიძლება არც კი დადიოდეს. გასულ ზაფხულს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, გარკვეული სახეობის მღრნელში შავი ჭირის გამომწვევი გამოვყავით. ვაწარმოეთ საინფორმაციო კამპანია მიმდებარე რაიონებში – ექიმები, მოსახლეობა გავაფრთხილეთ, რა უნდა ექნათ, თუ მკვდარ მღრნელებს ნახავდნენ”, – ყვება პაატა იმნაძე.

ლუგარის ლაბორატიის ყველაზე დიდი აღმოჩენა კი ახმეტა ვირუსია.

პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში გავრცელებული ბაქტერიების და ვირუსების შესწავლა აუცილებელია იმის ცოდნისთვის, თუ სად რა რისკები შეიძლება იყოს.

“ლუგარის ლაბორატორია იკვლევს, რომ ვიყოთ ფრთხილად და ვიყოთ დაცულები. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ის თანამშრომელი, ვინც ამაზე მუშაობს”, – აღნიშნავს იმნაძე.

კორონავირუსზე რუსული დეზინფორმაცია

ლუგარის ლაბორატორია არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნე, “რენტივიმ” ახლა უკვე კორონავირუსსაც დაუკავშირა დაუსაბუთებლად 7 იანვრის სიუჟეტში “მუტაცია, საიდუმლო ლაბორატორია თუ პროვოკაცია: საიდან გაჩნდა კორონავირუსი”, ერთ-ერთ ვერსიად გახმიანდა, რომ კორონავირუსის გავრცელება აშშ-ის ინტერესშია, ამერიკული ლაბორატორიები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აზიის ქვეყნების გარშემოც მუშაობენ.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ მსგავს პროპაგანდას მიჩვეულია და ამის მიზეზი შესაძლოა ისიც არის, რომ რეგიონის ქვეყნებს დიაგნოსტირებაში დახმარებისთვის მოსკოვისთვის მიმართვა აღარ სჭირდებათ.

ადრე ასეთი რაღაცები რომ ხდებოდა, გასაგებია, მეზობელი ქვეყანაა, ჩვენზე მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ დიაგნოსტიკაში და უნდა მიგვემართა მათთვის, რომ დახმარება გვეთხოვა. ახლა პირიქით, შეიძლება სხვას დავეხმაროთ”, – ამბობს იმნაძე.

ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ ლუგარის ლაბორატორია უსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიაა, თავად რუსეთს კი გააჩნია მე-4 დონის ლაბორატორია “ვექტორი” ნოვოსიბირსკში, რომელიც უფრო საშიშ ვირუსებზე მუშაობს, ვიდრე ეს დაშვებულია მესამე დონეზე. უსაფრთხოების მეოთხე დონის ლაბორატორია ფუნქციონირებს ბელარუსის რესპუბლიკაშიც. ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, აშშ-ის კონგრესმა თავის დროზე სწორედ რუსეთიდან დაიწყო ნანის და ლუგარის ერთობლივი საფრთხის შემცირების ხელშეწყობის პროგრამის ამოქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა ბირთვული და ქიმიური განიარაღების საქმეში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დახმარებას, და დააფინანსეს ლაბორატორია “ვექტორის” გაძლიერებაც. შემდეგ პროგრამა გავრცელდა რეგიონის სხვა ქვეყნებზე.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა საქართველოში დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო-ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” საფუძველზე.

შეთანხმების ფარგლებში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ხორცილდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა დღემდე შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას. პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის უახლესი შენობა სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

ამ თემაზე:

რა იცით ლუგარის ლაბორატორიაზე? Quiz

რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”

რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი