ახალი ამბები

რატომ მიიჩნევენ ბრალდებულები თავისთვის სასარგებლოდ პროკურატურს მოწმეთა ჩვენებებს

6 თებერვალი, 2020 •
რატომ მიიჩნევენ ბრალდებულები თავისთვის სასარგებლოდ პროკურატურს მოწმეთა ჩვენებებს

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 6 თებერვალს გაიმართა. საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

მოწმეების ჩვენებები

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების 8 მოწმე გამოიკითხა. მათ შორის იყვნენ თიბისი ბანკის ყოფილი თანამშრომლები, ნოტარიუსი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სადავო სესხის დამოწმების საქმეში და კომპანია “გეოპლანტის” მეწილე, რომელიც კომპანიას ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან ერთად მართავდა. პროკურატურის კითხვები თიბისი ბანკის ყოფილი თანამშრომლების მიმართ ძირითადად შეეხებოდა სადავო სესხთან დაკავშირებულ დეტალებს, თუმცა თითოეულ მოწმესთან დასმულმა კითხვებმა დაცვის მხარის პროტესტი გამოიწვია. ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის ადვოკატებმა არაერთხელ გააპროტესტეს ბრალდების მხარის კითხვები და განმარტეს, რომ აღნიშნული კითხვები და გარკვეულ შემთხვევებში მოწმეებიც, არ იყვნენ რელევანტურები განსახილველ საქმესთან.

მაგალითად, კომპანია “გეოპლანტის” მეწილის, გოჩა ძნელაძის მოწმედ გამოძახება გააპროტესტეს ბრალდებულთა ადვოკატებმა, ზვიად კორძაძემ და კახა წერეთელმა. მათი განმარტებით, მოწმეს შეხება არ ჰქონია განსახილველ საქმესთან, თუმცა პროკურორების თქმით, აღნიშნულ მოწმეებს, შესაძლოა, ერთი შეხედვით არ ჰქონდეთ შეხება საქმესთან, თუმცა სრულ კონტექსტში მათი ჩვენებები აუცილებელია.

პროკურორმა სალომე ჩიქობავამ მოწმე გოჩა ძნელაძეს გამოკითხა, თუ რას საქმიანობდა ის 2008 წლის დეკემბერსა და 2009 წელს, რაზეც პასუხი მიიღო, რომ ის იყო კომპანია “გეოპლანტის” დირექტორი. პროკურატურის ძირითადი ინტერესი კი მიმართული იყო გოჩა ძნელაძის, როგორც ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კომპანიების, “სამგორი ემისა” და “სამგორი თრეიდის”, სასარგებლოდ დატვირთვისკენ: თუ რა წინაპირობები უძღოდა წინ ხელშეკრულების გაფორმებას, რატომ გადაუფორმა მიწის ნაკვეთი “სამგორი ემსა” და “სამგორი თრეიდს” შეძენიდან მეორე დღეს, გადაიხადა თუ არა ფული მიწის ნაკვეთის შეძენისას და თუ იყო წინა დღეს საუბარი იმაზე, რომ მეორე დღეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი უნდა დატვირთულიყო კომპანიების, “სამგორი ემისა” და სამგორი თრეიდის” სასარგებლოდ.

აღნიშნულ კითხვებზე ჩიქობავას ძირითადი პასუხი იყო, რომ მას დიდი ხნით ადრე სურდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა საკუთარი ბიზნესგეგმიდან გამომდინარე. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ გადაუფორმა აღნიშნული ტერიტორია “სამგორი ემსა” და “სამგორი თრეიდს”, ძნელაძემ უპასუხა, რომ მან საკუთარი მეგობრისგან, ბადრი ჯაფარიძისგან მიიღო თხოვნა მიწის ნაკვეთების გადაფორმებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პროცესი არავითარ კანონდარღვევას არ წარმოადგენდა, ძნელაძის თქმით, მან ჯაფარიძის თხოვნა შეასრულა, რის შედეგადაც არავითარი წაგება არ უნახავს კომპანიას.

ასევე გამოიკითხა ნოტარიუსი მედეა გვაზავაც, რომელიც მონაწილეობდა სადავო სესხის გადაფორმების პროცესში. პროკურატურის მხრიდან გვაზავას მიმართ დასმული ძირითადი შეკითხვები შეეხებოდა, თუ კონკრეტულად სად დაამოწმეს სესხი ნოტარიულად და ვინ მონაწილეობდა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმიდან თითქმის 12 წელია გასული, როგორც გვაზავამ თქვა, მას არ ახსოვდა საქმის დეტალები. თუმცა, მისი განმარტებით, მისი მონაწილეობა აღნიშნულ საქმეში შემოიფარგლებოდა მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციებით, რაც აღნიშნული საქმის სრული დეტალების ცოდნას არ გულისხმობს. თუმცა, გვაზავს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე გამოავლენდა რაიმე დარღვევას, ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

რაც შეეხება “თიბისი ბანკის” თანამშრომლების გამოკითხვას, მათ მიმართ დასმული კითხვები ძირითადად შეეხებოდა სადავო სესხის გაცემისა და მისი ჩამოწერისა და დარეზერვების დეტალებს.

პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა, “თიბისი ბანკის” ყოფილ გენერალური დირექტორის მოადგილეს, გიორგი ასლანიკაშვილს ჰკითხა, იცოდა თუ არა მან სადავო სესხის გაცემიდან მეორე დღეს გადასესხების შესახებ. მოწმის თქმით, მან არ იცოდა სესხის გადასესხების შესახებ, თუმცა, მისი თქმით, კანონმდებლობით არც ეს წარმოადგენს პრობლემას.

მოწმის განმარტებით, სადავო სესხი ბანკის აქციონერების მიერ სხვა სესხებთან ერთად დაიფარა 2009 წელს. ამ ოპერაციის შედეგად კი დაზარალდნენ ბანკის აქციონერები, კერძოდ, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წილი ბანკში 80%-დან შემცირდა 20%-მდე. ტყეშელაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც გადამხდელთა უმეტესობამ ვერ მოახერხა სესხების დაფარვა, რამაც მათი დარეზერვება გამოიწვია, რის შემდეგაც ყველა აღნიშნული სესხი სწორედ აქციონერებმა დაფარეს.

“სამგორი ჯგუფის საქმესთან პირადი შეხება არ მქონია, თუმცა, ზოგადად, როდესაც ბანკი ვარდება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც საქართველოში ყველა ბანკი აღმოჩნდა 2008 წლის ომის შემდეგ, ბანკი მიდის გარკვეულ დათმობებზე, რაც ყველა კლიენტისთვის ერთნაირად ხდება”, – განმარტა ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მოწმეთა ჩვენებების შეფასება

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე გამოძახებულ მოწმეებს ძირითადად არავითარი შეხება არ ჰქონდათ საქმესთან, ხოლო მათ, ვისაც ჰქონდა შეხება, დაადასტურეს, რომ სადავო სესხის ჩამოწერის დროს არ მომხდარა რომელიმე კომპანიის გამორჩევა. კორძაძე თავისთვის დადებითად აფასებს იმ ფაქტსაც, რომ მოწმეები სესხების ჩამოწერას ომის შემდგომ მდგომარეობას უკავშირებენ:

“ძალიან კარგია, რომ ყველა მოწმე მოდის და ამბობს, რომ საბანკო სექტორში მდგომარეობა ომის შემდეგ დამძიმდა. მე მგონია, რომ მომდევნო სხდომაზე მოვრჩებით დაკითხვებს, ისეთი ტემპით მივდივართ. ბოლო ოთხი თუ ექვსი კაცი დარჩა და არავითარი მტკიცებულება ჯერჯერობით პროკურატურას ბრალის დამადასტურებელი არ წამორუდგენია”, – განმარტა კორძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოწმეებმა პროკურატურისთვის სასარგებლო ჩვენებები მისცეს:

“მოწმეების ჩვენებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გაცემის დროს ბანკმა არ იცოდა, რომ ამ სესხების გადასესხება უნდა მომხდარიყო პარტნიორებზე, კონკრეტულად, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, და ეს მათთვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მისი თქმით, ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის შეფასება, რომ მოწმეებს შეხება არ აქვთ სადავო საქმესთან და პროკურატურის მიერ ყველა მოყვანილი მოწმე მნიშვნელოვანია ბრალდებისთვის.

აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა ოთხ დღეში, 10 თებერვალს გაიმართება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2007 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი