“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიცია კოორდინირებულად გააგრძელებს მშვიდობიანი გზებით პროტესტის გამოხატვას “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ დასახული მიზნის მიღწევამდე.
“თუ ივანიშვილი უკან არ წაიღებს იმ შეურაცხყოფას, რაც მიაყენა მთელ საზოგადოებას – გადაგაგდებთ და ფეხებზე მკიდიხართო, დღემდე აგრძელებს, ამ უტიფარ გზავნილებს – მანამდე საზოგადოების პროტესტი გაგრძელდება მშვიდობიანად. ეს არის პირველი აქცია პარლამენტში ამ კლოუნების მუშაობის გაგრძელების შემდეგ. ასე რომ, ეს არის ჩვენი გეგმა: ამ და სხვა ლეგიტიმური ფორმით წნეხის გაგრძელება, რომელიც გამოხატავს საზოგადოების აღშფოთებას ამ სამარცხვინო ლიდერის [ბიძინა ივანიშვილის] და ხელისუფლების მიმართ.
ამასთან ერთად, ხელისუფლება საერთოდ ვერ გრძნობს ზეწოლას საქართველოს მეგობრებისგან, რომლებსაც აქვთ პრაგმატული ინტერესი, რომ მოსახლეობას მხარი დაუჭირონ. ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ ყველაფერს”, – უთხრა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.
ბოკერიასვე თქმით, ხელისუფლება ნერგავს უიმედობას, თუმცა, თუ ხელისუფლებამ უარი თქვა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე, ოპოზიცია იმოქმედებს კოორდინირებულად, რათა პირველივე ტურში დაამარცხოს “ქართული ოცნება”.
ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს, 5 თებერვალს, განაახლეს საპროტესტო აქციები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით.