საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზტის ფარგლებში, სადაც რელიგიის თავისუფლების კოალიციის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს, საქართველოს მთავრობისადმი აშშ-დან გამოგზავნილი ერთ-ერთი კრიტიკული წერილის ავტორ სენატორებს, ჯინ შაჰინს და ჯეიმს რიშს შეხვდა.
როგორც დავით ზალკალიანმა შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა.
“იყო გულწრფელი საუბარი მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ დავუდასტურე მათ საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ის მიმართ და მათი მხრიდანაც იყო დადასტურებული სტრატეგიული პარტნიორობა”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი განცხადებით, საქართველო რეგიონში განიხილება მაღალი სტანდარტების დემოკრატიად და სწორედ ამ მაღალი მოთხოვნებისა და მოლოდინებიდან გამომდინარე მომდინარეობს პარტნიორების წერილების სულისკვეთებაც.
“ბუნებრივია, მე მქონდა კარგი საშუალება იმისთვის, რომ მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომელზეც საუბარი იყო მათ წერილში. ვაცნობე იმ მოლაპარაკების პროცესის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე, იმ რეკომენდაციების შესახებ, რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისგან მოდის. მე დავუდასტურე სენატორებს, რომ საქართველო ერთგულია იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც არის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ჩვენი ევროპული კურსისა და რომლის შემადგენელიც არის დემოკრატიული არჩევნები”, – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ ძალიან კმაყოფილია ამ შეხვედრით.
“ეს იყო კარგი შესაძლებლობა, გვესაუბრა ყველა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ წარმატებებზე. მათ ცხადად დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდეს და წინ წავიდეს, მათ შორის მძლავრი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრთან სენატში შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმაც.
“ჩვენ მიერ პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილის შემდეგ, გავიმეორეთ შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტების შესახებ. ასევე განვიხილეთ მიმდინარე სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ორ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის მიერ არაკანონიერადაა ოკუპირებული 2008 წლის შემდეგ… საქართველოს არ ვთხოვთ, იყოს უნაკლო, მაგრამ მთავრობამ უნდა დაგვანახოს, რომ დემოკრატიისკენ სვლას სერიოზულად უდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სენატორების გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს მთავრობას