ახალი ამბებისამართალი

კაცმა ცოლს 7-ჯერ დაარტყა დანა და 112-ში სხვისი სახელით დარეკა – განაჩენი

4 თებერვალი, 2020 • 7298
კაცმა ცოლს 7-ჯერ დაარტყა დანა და 112-ში სხვისი სახელით დარეკა – განაჩენი

სხვადასხვაგვარად აღწერეს ის დღე ბრალდებულმა და დაზარალებულმა, როცა ქალს დანა შვიდჯერ დაარტყეს. ქალს დანა თავისმა ქმარმა დაარტყა, შემდეგ კი სახლიდან გავიდა, ხუთ წუთში 112-ში სხვისი სახელით დარეკა და თქვა: „ქალი მოკლეს, მისამართი…“

ქალი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გადარჩა. პროკურატურამ ქმარს ბრალი წარუდგინა „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განიხილა.

ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებების მიხედვით, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ წყვილს კონფლიქტი ძირითადად ბანკის ვალის გამო ჰქონდა.

ამონარიდი დაზარალებული ქალის მ.ო.-ს ჩვენებიდან:

„…თვეში ერთხელ იცვლიდა სამსახურს, მაგრამ ამის გამო არ გვიჩხუბია. ბანკის ვალი გვქონდა. მაშინ აირია ურთიერთობა, როცა მან ალკოჰოლის მიღება დაიწყო.

იმ დღეს სამსახურიდან მივედი სახლში და ნასვამი დამხვდა. ვკითხე, რატომ დალიე-მეთქი. მიპასუხა, რომ დალია და კიდევ დალევდა… მითხრა, რომ ღვინოც დალია, ლუდიც და არაყიც.

ხინკალს ხარშავდა და როცა ხინკლის მოხარშვა დაასრულა, გადმოიღო არაყი და საჭმელად მიმიწვია. ჩხუბს მერჩია საჭმელად დავმჯდარიყავი. ხინკალი ვჭამეთ და სამი ჭიქა არაყიც მივაყოლეთ. ვამჩნევდი, რომ ძალიან ნასვამი იყო… მე აივანზე გადავჯექი. ჩხუბი დამიწყო. მეკითხებოდა: „გინდა, რომ სახლიდან წავიდე?“ ჩხუბის თავი არ მქონდა. ვუმეორებდი, დაწყნარებულიყო. მითხრა, წასასვლელი ჩანთა ჩამომეტანა მისთვის. ასეც მოვიქეცი – ჩამოვიტანე ჩანთა და კიბეებთან დავუდე… მან მაგიდიდან შავტარიანი დანა აიღო და ჩემკენ წამოვიდა. არ ველოდი. ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი და ამ დროს ვიგრძენი დარტყმა უკანა მხრიდან, გონება დავკარგე…“ – აღნიშნულია დაზარალებული ქალის ჩვენებაში.

ამონარიდი ბრალდებულ ე.ს.-ს ჩვენებიდან:

„…იმ დღეს ადრე მომიწია სამსახურის დამთავრება. გზად თუთუნი და ძეხვი ვიყიდე. ფული აღარ დამრჩა. მ.-ს დავურეკე და ვუთხარი, პური ეყიდა და შინ წამოეღო. მან მითხრა, ნუ მირეკავ, შენი დარეკვის გარეშეც ვიცი, რა უნდა გავაკეთოო და ტელეფონი გამითიშა.

როცა ვსადილობდით, მკითხა, საიდან აიღე ფულიო. ვუთხარი, რომ გადადებული თანხიდან ავიღე. ეწყინა. ვუთხარი, რომ ორშაბათიდან ახალ სამსახურს დავიწყებდი და ყველაფერს გადავიხდიდი. მითხრა, რომ მათხოვარი ვარ და დივანზე გადაჯდა… მაცივრის კართან ვიყავი ჩაცუცქული, პომიდვრის ასაღებად. ამ დროს მოვიდა და მაცივრის კარზე მიარტყა ხელი. ისევ იმეორებდა, მათხოვარი ხარო… ნერვებმოშლილი ვიყავი, გავითიშე. მერე აღარ მახსოვს…

ჰაერზე გამოვედი და უკან დავბრუნდი. ის ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაშინ დავფიქრდი, რაც ჩავიდინე. გარეთ გამოვედი და 112-ში დავრეკე. ვუთხარი, რომ ვინმე გ.გ. ვიყავი და, სავარაუდოდ, ქალი მოკლეს… მისი მოკვლა რომ მდომოდა, ასე არ მოვიქცეოდი,“ – დაასრულა ბრალდებულმა.

პროკურორმა ბრალდებულს სასამართლო პროცესზე უთხრა, რომ ქალს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა გულმკერდის, ხელის მტევანსა და სახის არეში, ამ ყველაფრის შემდეგ კი მან დაკეტა სახლი და გადაიპარა ფანჯრიდან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებიც სახლში ფანჯარასთან დატოვებული ხარაჩოდან შესულან.

„არ მახსოვს,“ – გაიმეორა ბრალდებულმა და აღნიშნა, რომ ტერიტორია მაშინვე დატოვა, როცა 112-ში დარეკა.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიერ ადგილი აქვს მკვლელობის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღებას…“, – წერს მოსამართლე.

საბოლოოდ, მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ბრალდებული ე.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გაასამართლა. მას  3 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი