ახალი ამბები

EMC საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას

4 თებერვალი, 2020 •
EMC საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას

EMC საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. 

ორგანიზაციის აზრით, საბჭომ ასევე უნდა დაასაბუთოს და გაასაჯაროოს წარდგენილი კანდიდატის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 

ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომელიც კვლავ გენერალური პროკურორობის კანდიდატია, დღეს წარდგა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე. 

“გასაუბრების დროს კანდიდატმა დადებითად შეაფასა საპროკურორო საბჭოს საქმიანობის და გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევის არსებული მოდელი და ის კრიტიკა, რაც ამ მიმართულებით საზოგადოებაში არსებობს, დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაციად მიიჩნია. მსჯელობის იმ ხაზმა, რომელიც წარმოდგენილ კანდიდატს სისტემის მიმართ არსებული გამოწვევებზე საზოგადოებრივი რეაქციების, კრიტიკის მიმართ ჰქონდა, ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთა მისი დამოკიდებულება საზოგადოებრივი აზრის, იმ ძირითადი კრიტიკის და წუხილების მიმართ, რაც მის კანდიდატურასთან დაკავშრებით ქვეყანაში არსებობს.

საკუთარ სტრატეგიასა და ხედვაზე საუბრის დროს ირაკლი შოთაძე თავს არიდებდა იმ რეზონანსულ საქმეებზე საუბარს, რამაც რეალურად შექმნა საზოგადოების დამოკიდებულება მთლიანად პროკურატურის და მისი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის მიმართ. მათ შორის, კანდიდატს სათანადოდ არ გაუმახვილებია ყურადღება თემირლან მაჩალიკაშვილის და აფგან მუხთარლის საქმეებზე, ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, ,,ხორავას ქუჩის“ საქმეზე, რის გამოც თავის დროზე მან გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა. გასათვალისწინებელია, რომ ,,ხორავას ქუჩის“ საქმეზე ამ დრომდე არ არის საბოლოო შედეგები დამდგარი პროცესში მონაწილე პირების მიმართ და არ არის გამოკვეთილი, რა პასუხისმგებლობა ჰქონდათ საქმის სამართალწარმოებაში გამოვლენილ ხარვეზებზე კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებს. ამ ფონზე კანდიდატს არ ჰქონია მცდელობა, უშუალოდ აეხსნა საზოგადოებისთვის, სისტემაში მისი დაბრუნების შემთხვევაში, რა გზით შეძლებდა არსებული პრობლემების მოგვარებას და კონკრეტული მძიმე საქმეების გამოძიებას. უწყების მიმართ კრიტიკულად დაბალი საზოგადოებრივი ნდობის საპირწონე არგუმენტი კანდიდატისთვის მხოლოდ უწყებაში არსებული მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობა იყო”, – აცხადებს EMC. 

ორგანიზაციის აზრით, როდესაც საზოგადოების ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ მუდმივად დაბალია, ხოლო სამართალდამცავ უწყებებს უწევთ კრიზისულ ვითარებაში მუშაობა, აუცილებელია, რომ ამ უწყებების ხელმძღვანელებად ინიშნებოდნენ პირები, რომელთაც აქვთ სანდო პროფესიული რეპუტაცია და მათი კეთილსინდისიერების მიმართ საზოგადოებაში არსებობს მაღალი კონსენსუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი