ლეიბორისტული პარტიის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავასა და აქტივისტ ირაკლი კაკაბაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე ეხება გუშინ, 3 თებერვალს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მოქალაქის ბინიდან გამოსახლების დროს დაპირისპირება მოხდა. ჩხარტიშვილი, კუკავა და კაკაბაძე გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდნენ, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
შსს ამბობს, რომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო, თუმცა არ ამბობს, თუ ვის ან რა სახით დაემუქრნენ ჩხარტიშვილი, კუკავა და კაკაბაძე. უწყება დასძენს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
გუშინ, 3 თებერვალს, ვაკეში, კეკელიძის #1-დან ხატიაშვილების ოჯახს ასახლებდნენ, თუმცა, როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, ახლანდელ და ყოფილ მესაკუთრეს შორის შეთანხმების შემდეგ ოჯახს კიდევ სამი თვე მისცეს.