ახალი ამბები

ქუმსიშვილი — თბილისის მერობის, ჩხარტიშვილი — საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად: “ლეიბორისტების” გადაწყვეტილება

7 აგვისტო, 2021 • 1527
ქუმსიშვილი — თბილისის მერობის, ჩხარტიშვილი — საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად: “ლეიბორისტების” გადაწყვეტილება

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის “ლეიბორისტული პარტიიდან” თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობისა კი — ლაშა ჩხარტიშვილი. ისინი პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, 7 აგვისტოს წარადგინა.

“ეს ორი კანდიდატი ის იდეალისტი და პატრიოტია, რომლებიც დღეს, ხვალ და ზეგ ააშენებენ ქართულ სახელმწიფოს. ისინი არ წაიღებენ თქვენს ქონებას სახლში, არ გაანაწილებენ თავის ბიზნესზე. ისინი დაგიბრუნებენ წართმეულს, ისინი ჩადგებიან თქვენი შვილების სამსახურში”, — მიმართა ნათელაშვილმა ამომრჩეველს.

მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, რომელიც პარტიის ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობს, “ლეიბორისტებისთვის” მიცემული ხმა “მომავალი წარმატების გარანტიაა”.

“მე მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ სიახლეები და ცვლილებები. ეს ტრადიციულად, ყოველთვის იწყებოდა ხოლმე თბილისიდან და შემდეგ მოიცავდა ხოლმე მთელს ქვეყანას. ახლაც გვაქვს იდეალური შანსი, რომ ახალ სახეებს, ახალ ადამიანებს გავუხსნათ გზა პოლიტიკაში და ჩვენ ვთქვათ ჩვენი სიტყვა.

მე მომავალი 2 თვის განმავლობაში გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ უკეთ გაგაცნოთ ჩემი ხედვები და დაგარწმუნოთ იმაში, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემზე და “ლეიბორისტულ პარტიაზე” მიცემული ხმა იქნება ერთადერთი გარანტია მომავალი წარმატებებისა’, — დასძინა მან.

გარემოსდამცველმა აქტივისტმა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც პარტიას 2019 წელს შეუერთდა, აღნიშნა, რომ “ისტორიაში პირველად” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის, მისი სახით, ეკოლოგი იბრძოლებს:

“ამ ქვეყანაში, 30 წელია, არამხოლოდ ფიზიკურად ანგრევენ თბილისის სხეულს, არამედ გვკლავენ თბილისელებს და თბილისის სტუმრებს ჰაერის დაბინძურებით…

ამ მიმართულებითაც, ეკოლოგიური თვალსაზრისითაც, სოციალური კუთხითაც და კარგი წარსულის თვალსაზრისითაც, დღეის მდგომარეობით წარმოდგენილ პარტიათა შორის სხვა არჩევანი ფიზიკურად არ გაქვთ”.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი